21:41 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
53 0 0

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ 2020 წლის თებერვალში ოთხი წლის ვადით თანამდებობაზე დანიშნულმა „საქპატენტის" თავმჯდომარემ პოსტი დატოვა.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე მინდია დავითაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

დავითაძე „საქპატენტს“ 2020 წლის თებერვლიდან ჩაუდგა სათავეში.

„სამწუხაროდ, პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლების გამო ჩვენ ვერ შევძელით საკუთარი გეგმების განხორციელება“, – დაწერა დავითაძემ სოციალურ ქსელში. 

პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლების მიზეზად დავითაძე მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ პოსტზე იგი ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ დანიშნა.

მივლინებაში მყოფმა დავითაძემ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება ელექტრონული ფოსტით გუშინ მიიღო.

„საქპატენტის“ ყოფილმა თავმჯდომარემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, თუ როგორ ცდილობდა იგი ბოლო სამი თვის განმავლობაში ახალ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას, რათა მისთვის პირადად გაეცნო და ესაუბრა იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც დგას ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, ამასთანავე განეხილა მიმდინარე საკითხები და სამომავლო ამბიციური გეგმები.

ყველა მისი თხოვნა პრემიერ ღარიბაშვილთან აუდიენციის შესახებ უარყოფილი იქნა მთავრობის მეთაურის გადატვირთული გრაფიკის მიზეზით, მაშინ, როდესაც მთავრობის ადმინისტრაცია ინტენსიურ შეხვედრებს ატარებდა სხვადასხვა უწყებების პირველ პირებთან.

დავითაძის ინფორმაციით, მისი გათავისუფლებისთვის საფუძვლის ხელოვნურად შექმნის მიზნით პრემიერ ღარიბაშვილისა და მთავრობის ადმინისტრაციის პირდაპირი დავალებით შრომის ინსპექციის სამსახურმა თითქოსდა ერთ-ერთი თანამშრომლის შრომითი უფლებების დარღვევის მოტივით უწყებაში ინსპექტირება განახორციელა. 

 

2021 წლის 13 მაისს შრომის ინსპექციამ რეკორდულად მცირე ვადაში მოითხოვა „საქპატენტში“ დასაქმებულ პირებთან დაკავშირებული დიდი მოცულობის ინფორმაცია და სულ რაღაც სამ სამუშაო დღეში შრომითი უფლებების დარღვევების შესახებ ოქმი გააფორმა.

დავითაძის თქმით, შრომის ინსპექციის უსაფუძვლო გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდა.

მოგვიანებით მან მაინც შეძლო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა, რომელმაც მისგან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოითხოვა იმ მოტივით, რომ დავითაძე პრემიერ გახარიას დროს იყო დანიშნული თანამდებობაზე.

„სხვა მიზეზი, მათ შორის სამართლებრივი არგუმენტები, ვერ მოვისმინე. რასაკვირველია, განცხადება არ დავწერე, რადგანაც „საქპატენტი“ დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყებაა. თუმცა, როგორც ვხედავთ, ჩემს უარს ხელი არ შეუშლია პრემიერ-მინისტრისთვის უკანონოდ გავეთავისუფლებინე, რაც სრულიად შემთხვევით გავიგე“, – დაწერა დავითაძემ.

იგი საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.

„პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების დევნა უნდა დასრულდეს!“ – დაწერა მინდია დავითაძემ.

ყოფილი უფროსის გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ირაკლი კასრაძემ, რომელიც ამტკიცებს, რომ სწორედ დავითაძემ დაარღვია მისი შრომითი უფლებები.

„გაიმარჯვა სამართალმა, ჩემმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი. სხვადასხვა ინტიტუტების ჩართულობის შედეგად „საქპატენტის“ თავმჯდომარე გათავისუფლებულია თანამდებობიდან“, – დაწერა კასრაძემ Facebook-გვერდზე.

მისი თქმით, ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა და საქმესთან დაკავშირებით წინ გამოძიება და ორი სასამართლო პროცესია.

გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი და მმართველი პარტია მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. მან მაისის ბოლოს პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა.

მთავარი თემები