15:50 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
631310

„ზინაიდა“ დღეს ინტერნეტ-სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია. ვიდეოებს, რომელსაც გიორგი მახარაშვილი ყოველდღიურად იღებს, სოციალურ ქსელში ასი ათასობით ნახვა აქვს.

სახალისო ვიდეოებით გიორგიმ მალევე დაიპყრო მაყურებლის გული, რის შემდეგაც მის მიმართ ინტერესი გამძაფრდა. როგორია გიორგი მახარაშვილის რეალური ცხოვრება კადრს მიღმა და როგორ ცხოვრობს „ინტერნეტვარსკვლავი“, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

გიორგი მახარაშვილი
გიორგი მახარაშვილი

- პროფესიით მზარეული ვარ. უკვე ცხრა წელია კვების სფეროში ვმოღვაწეობ, მაგრამ არა სამზარეულოს განხრით, მომსახურების სფეროში ვარ. ჩემი გატაცება ადამიანებთან ურთიერთობაა. მათი გაღიმება და გამხიარულება ჩემი მთავარი პროფესიაა. მეგობრები ხშირად მიწოდებენ ჯამბაზს, რა თქმა უნდა კარგი გაგებით.

- როგორ გაჩნდა „ზინაიდა“, პროტოტიპი თუ ჰყავს?

- პერსონაჟს „ზინაიდა“ სპონტანურად დაერქვა და ძალიან მომწონს, სახასიათო სახელია. „ზინაიდა“ ბებოს პროტოტიპი, მის ფიქრებზე და აზრებზე აგებული პერსონაჟია. თითქოს თანამედროვე, მაგრამ სტერეოტიპებში ჩარჩენილი ადამიანია ჩემი „ზინო“, რომელიც უზომოდ მიყვარს.

- პირველი ვიდეო გაიხსენეთ, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ელოდით ასეთ რეაქციას?

- პირველი ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, იყო ჩემი და ჩემი საუკეთესო მეგობრის, ეკას ვიდეო, სადაც ბევრ ჭამაზე ვეჩხუბები. რაც მთავარია თითქმის ყველა კომენტარი დადებითი იყო და ზოგადად ხალხი დადებითად არის განწყობილი „ზინაიდას“ მიმართ.

 

- ძალიან პოზიტიური ადამიანი ხართ, თუმცა უარყოფითი კომენტერებიც გამოერევა ხოლმე თქვენს ვიდეოებზე. ძირითადად რის გამო გაკრიტიკებენ?

- საჯაროდ ცოტა უდარდელი და ჭკუამხიარულის იმიჯი მაქვს, თუმცა რეალურად ასეც არის. უარყოფითი კომენტარები იშვიათია, მაგრამ ვფიქრობ საჭიროცაა, რათა მუდამ „ფორმაში“ იყო. სიმართლე გითხრათ, უარყოფით კომენტარებზე რეაქცია არ მაქვს. სხვა ბევრი საქმეც მაქვს. ჩემი „ზაქები“ მყავს გასამხიარულებელი. ძირითადი კრიტიკა მაინც მოდის ან ჩაცმის სტილზე, ან ხმის ტემბრზე. შესაძლოა სხვ რამეც არ მოეწონოთ. სამწუხაროდ საზოგადოებაში ჯერ კიდევ უკვირთ თუ ბიჭი თავს უვლის და სახეზე კრემს „ისობს“.

- ის, რაც თქვენმა გულშემატკივრებმა თქვენს შესახებ არ იციან...

- რაც ჩემზე არ იციან? შინაგანად ბავშვი ვარ, მტირალა და ბუტია ბავშვი. პატარა უმნიშვნელო წვრილმანები მაბედნიერებს და ასევე, პატარა ამბებზეც კი მიჩუყდება გული. თითქმის ყველაფერი საჯაროა ჩემს შესახებ, არ ვარ ყალბი ადამიანი. რაც ვარ რეალურად, ის ვარ სოციალურ ქსელშიც და სწორედ ამან განაპირობა ჩემი „ზაქუნების“ დიდი სიყვარული. ხალხს არ უყვარს ყალბი ადამიანები...

- რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერება?

- ჩემთვის ყოველი გათენებული დილა, მზიანი დღე დიდი ბედნიერებაა. მიხარია, რომ დღესაც ცოცხალი ვარ. მაბედნიერებს ჩემს გარშემო მყოფების კარგად ყოფნა. ჯანმრთელი რომ ვარ ამითაც ბედნიერი ვარ. მოკლედ ბედნიერება შეიძლება იპოვო ყველაფერში, თუ შენ ეს გინდა.

- ძალიან ბევრი ფოლოვერი გყავთ. ალბათ ყველას აინტერესებს თქვენი პირადი ცხოვრება. მოგვიყვებით რა ხდება თქვენს ცხოვრებაში?

გიორგი მახარაშვილი
გიორგი მახარაშვილი

- ოჰო... ჩემი პირადი ცხოვრება? „აპა სათ არის“? არ გამაჩნია არაფერი. ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, „მინდვრი თაგვივით მარტო ვარ“.

- ძალიან ბევრმა ადამიანმა გაგიცნოთ ვიდეოებით. ამით რამე შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

- რაც მთავარია უამრავი კომპლექსი დავამარცხე და კიდევ ვმუშაობ ამაზე. თურმე ძალიან სასიამოვნოა, როცა ქუჩაში სრულიად უცნობი ადამიანი გეუბნება, რომ მის განწყობას ახალისებ, რომ უყვარხარ და ა.შ. ამას რამე შეედრება?


- ინტერნეტ პოპულარობამ შეგცვალათ?

- სულაც არ ვთვლი, რომ პოპულარული ვარ. ჩემთვის „ვჯუჯღუნებ“ და ვხუმრობ, ვამხიარულებ ჩემს გამომწერებს. რაც მანამდე ვიყავი, ის ვარ ახლაც. არ მჯერა მაგის, რომ მსგავსი ამბები ადამიანებს ცვლის, უბრალოდ ამჟღავნებენ ხოლმე თავს, რაც დამალული აქვთ ცუდი ან კარგი. სულ მალე გაიხსნება ჩემი პატარა კაფე „ზინაიდასთან“, სადაც მე თავად ვუმასპინძლებ ჩემს სტუმრებს, ჩემივე გამომცხვარი ბლინებით. სხვათაშორის ამბობენ, რომ საოცარი ხელი მაქვს. სამომავლოდ მინდა, რომ ბევრი „ზინაიდას“ კაფე იყოს, ვგიჟდები მასპინძლობის პროცესზე. ჩემი სტუმრები ყველა ძალიან მიყვარს და დღემდე თითქმის ყველა მათგანი მახსოვს. აქვე მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ იყავით ბედნიერები. ბევრი გაიღიმეთ და გაეცით დადებითი ემოციები. ძალიან ცოტაა ჩვენი ყოფა და ნუ დაკარგავთ დროს უარყოფით დეტალებში. ბედნიერებას გისურვებთ.

მთავარი თემები