საქართველოში დღეს ნინოობას ზეიმობენ

© photo: Sputnikსაქართველოში დღეს ნინოობას ზეიმობენ
საქართველოში დღეს ნინოობას ზეიმობენ - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 27 იანვარს — მისი გარდაცვალების დღეს და 1 ივნისს — საქართველოში შემობრძანების დღეს.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. დღეს საქართველო ნინოობას ზეიმობს – ამ დღეს წმინდა ნინო ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში შემოვიდა.

 საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 27 იანვარს — მისი გარდაცვალების დღეს და 1 ივნისს — საქართველოში შემობრძანების დღეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველად უფლის მოციქულებმა იქადაგეს, ქართველთა გაქრისტიანება IV საუკუნის დასაწყისში სწორედ წმინდა ნინოს ღვაწლს უკავშირდება.

საეკლესიო კალენდარი: 1 ივნისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
საეკლესიო კალენდარი: 1 ივნისი

წმინდა ნინო დაახლოებით 280 წელს დაიბადა კაბადოკიაში, ქრისტიანთა ოჯახში. ნინო ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. მამა — ზაბულონი, წმინდა გიორგის თანამოქალაქე და სამხედრო პირი იყო, დედა — სოსანა იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და იყო.

მას შედეგ, რაც ნინოს მამამ გადაწყვიტა მიეტოვებინა ოჯახი, წასულიყო მონასტერში და აღკვეცილიყო ბერად, სოსანა 12 წლის შვილთან ერთად იერუსალიმში მიდის ძმასთან.

პატრიარქმა იუბენალმა სოსანა ავადმყოფი და დავრდომილი ქალების მომვლელად დაადგინა, 12 წლის ნინო კი მოხუც ქრისტიან ქალს სარა ნიფორელს მიაბარეს აღსაზრდელად. ძიძა გოგონას ხშირად უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების შესახებ. ნინომ აღმზრდელისგან შეიტყო, რომ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მაცხოვრის კვართი ქართველ ებრაელებს ხვდათ წილად.

გადმოცემის თანახმად, წმიდა ნინო ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა უფლისადმი სიყვარულით, იგი ხშირად ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე. ერთ დღეს, ლოცვის დროს წმინდანს გამოეცხადა ღვთისმშობელი მარიამი, რომელმაც აკურთხა და უთხრა, რომ წასულიყო ჩრდილოეთის ქვეყანაში, რომელიც იყო ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა და ექადაგა ჭეშმარიტება. ნინომ ღვთისმშობელს უთხრა, რომ პატარა და უსწავლელი ადამიანი ამ დიდ საქმეს ვერ შეძლებდა, მაგრამ ღვთისმშობელმა მისცა ვაზის ჯვარი და უთხრა, რომ ყოველთვის მასთან იქნებოდა და დაიფარავდა.

ხილვის დასრულების შედეგ ნინოს ხელში ვაზის რტოებისგან აწყობილი ჯვარი ეპყრა, რომელსაც თავისი თმა მოახვია.

ნინომ ბიძამისს — პატრიარქ იუბენალს უამბო ამ ხილვის შესახებ, ბიძამაც დალოცა და აკურთხა იმ მისიის შესასრულებლად, რომელიც ღვთისმშობელმა მარიამმა დააკისრა მას.

წმინდა ნინო - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2020
ილია მეორე: წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის

ამის შემდეგ წმინდა ნინო პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეფესოში წავიდა ქრისტიანობის საქადაგებლად ერთ წარჩინებულ მორწმუნე ქალთან ერთად და იქ ორი წელი გაატარა, შემდეგ კი სომხეთში გაჰყვა ქრისტიან ქალებს, რომელთა შორის იყვნენ მის მიერ ქრისტიანობაზე მოქცეული წარჩინებული რიფსიმე და რიფსიმეს აღმზრდელი გაიანე. ეს მორწმუნე ქალები სომხეთის მეფე თრდატმა ქრისტეს აღიარებისთვის სიკვდილით დასაჯა. უფლის განგებით ცოცხალი მხოლოდ წმინდა ნინო გადარჩა და ფარულად საქართველოსკენ გამოემართა.

საქართველოს მიწაზე ფეხი წმინდა ნინომ 319 წელს დადგა. საქართველოში იმ დროს მირიანი მეფობდა, სატახტო ქალაქი მცხეთა იყო და ერი კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა.

წმინდა ნინოს სახელს უამრავი სასწაული უკავშირდება. მან გამოაჯანმრთელა დედოფალი ნანა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი მეფე მირიანს თვალისჩინი დაუბრუნა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ იწამა მეფემ ღმერთი. მეფე მირიანი, დედოფალი ნანა, მათი შვილები და ნათესავები მდინარე არაგვში მოინათლნენ.

324 წელს საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მირიან მეფის ბრძანებით ერთი მარადმწვანე სურნელოვანი ხისგან სამი ჯვარი გამოთალეს, რომელთაგან ერთი აღმართეს მცხეთის მახლობლად მდებარე მთაზე, სადაც შემდგომ ჯვრის მონასტერი აღიმართა.

წმინდა ნინო დაახლოებით 332 წელს — 31 წლის ასაკში კახეთში, დაბა ბოდბეში გარდაიცვალა და იქვეა დაკრძალული. ამჟამად ამ ადგილზე წმინდა ნინოს სახელობის ბოდბის დედათა მონასტერია.

ყველა ახალი ამბავი
0