18:41 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
106 0 0

საქართველოში მოქალაქეობის აღდგენა ან შენარჩუნება შესაძლებელია 2022 წლის 31 დეკემბრამდე – შესაბამისი შესწორებები კანონში „მოქალაქეობის შესახებ“ უკვე ამოქმედდა.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ქვეყნის მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების წესებს განმარტავს.

გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა შესწორებებს კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების ვადა 2022 წლის 31 დეკემბერამდე გახანგრძლივდა. ასევე მომავალი წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი მოქალაქეობის საკითხის გადაჭრა იმ პირებისთვის, რომლებიც 1993 წლამდე დაიბადნენ და ვერც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა ვერ მიიღეს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხოლოდ 2020 წელს 7.123-მა მოქალაქემ მიმართა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის, სპეციალური წესით მინიჭებისა და მოქალაქეობის დადგენის თხოვნით.

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება შეიძლება პირისთვის:

  • თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე სახელმწიფოსგან თანხმობას მიიღებს.
  • თუ იგი უკვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეწყვეტია საქართველოს მოქალაქის სტატუსი. მას შესაძლებლობა ეძლევა, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.

პირს აღუდგება საქართველოს მოქალაქეობა:

  • თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა და 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების მოთხოვნით. ამისათვის მან ქართულ ენაში შესაბამისი ტესტი უნდა ჩააბაროს.
  • საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შესაძლებელია არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა იმ შემთხვევაში, თუ მშობელი აღიდგენს საქართველოს მოქალაქეობას.

პირს სპეციალური წესით მიენიჭება საქართველოს მოქალაქეობა:

  • რომელსაც არ დაუდგინდება საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ დაბადებულია საქართველოში. მას შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. აღნიშნულმა პირმა ტესტირება უნდა გაიაროს - სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებში.

საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდება 1993 წლის 31 მარტამდე დაბადებულ პირს, თუ:

  • 1975 წლის 31 მარტამდე დაიბადა, 1993 წლის 31 მარტისთვის და მანამდე 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე და არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
  • 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაიბადა, 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდა საქართველოში და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
  • საქართველოს ტერიტორიაზეა დაბადებული, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია და არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

მთავარი თემები