14:59 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
60 0 0

კომპანია ENKA-სთვის რიონის ხეობაში მისასვლელი გზების გადაკეტვა ემსახურება იმას, რომ თურქულმა კომპანიამ „ნამახვანჰესის“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების განხორციელება ვერ შეძლოს.

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა კარვები კიდევ ერთ ლოკაციაზე გაშალეს და კომპანია Enka-ს რიონის ხეობაში შესასვლელი ყველა გზა გადაუკეტეს, განაცხადა „რიონის ხეობის  მცველმა“ და აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანის თქმით, მათი მიზანია, კომპანია ENKA-მ ხეობაში სამუშაოების გაგრძელება ვერ შეძლოს.

„უკვე სამ ლოკაციაზე გვაქვს კარვები გაშლილი: გუმათჰესთან, კომპანიის ბაზასთან და მწვანეყვავილადან ხეობაში გასასვლელ გზაზე“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მწვანეყვავილას დასახლებიდან ხეობისკენ გასასვლელ გზასთან კარავი დღეს დადგეს.

„აღმოჩნდა, რომ ამ ალტერნატიული გზით ისარგებლა კომპანიამ. მართალია ამ გზით ხეობაში სპეცტექნიკა ვერ შევა, მაგრამ მსუბუქ მანქანებს გადაადგილება შეუძლიათ. ამიტომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოთქვა სურვილი ეს გზაც გადაეკეტა“, - აღნიშნა გოლეთიანმა.

გოლეთიანის თქმით, ამ ლოკაციაზე ქუთაისის უბნების - საფიჩხიის, მწვანეყვავილას და შაუმიანის მოსახლეობა იმორიგევებს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მანამდე სოფელ გუმათის შესასვლელთან პოლიციის მიერ აღმართული რკინის ჯებირების გარღვევა სცადეს.

„გუშინ ვეცადეთ ჩვეულებრივად, რომ გაგვევლო ბარიკადები და გადავსულიყავით მეორე მხარეს. ამას მოჰყვა დაპირისპირება პოლიციასთან, მაგრამ დაკავებული არავინ არ არის. რაც შეეხება ჩვენ გეგმას, ყოველდღიურად იქნება აქ პროტესტის ხმაურით გამოხატვა“, - განაცხადა გოლეთიანმა.

მისი თქმით, პოლიციის მიერ  ბარიკადების აღმართვა  უსაფრთხოებას არ უკავშირდება, ამ გზაზე გავლას ხელისუფლებისთვისაც და მომიტინგეებისთვის სიმბოლური დატვირთვა გააჩნია.

რიონის ხეობის მცველები აღნიშნავენ, რომ პროტესტის ფორმა უფრო რადიკალური არ გახდება.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ვემიჯნებით არაკანონიერი მოქმედების გზებს. კანონის ჩარჩოებიდან არ და ვერ გავალთ. ვეცდებით, ამ ფარგლებში მოვახერხოთ კომპანიისთვის ხელის შეშლა, რომ ვერ გააგრძელონ ხეობაში მუშაობა“, - აღნიშნა გოლეთიანმა. 

ბოლო სამი დღის განმავლობაში „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ აქციის რვა მონაწილე სამართალდამცველთა კორდონის გარღვევის მცდელობისას დააკავა, ამის შემდეგ მომიტინგეები გზაზე დადგმული რკინის ჯებირების დაზიანებას ცდილობენ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში თბილისიდან სამი დღის წინ დაბრუნდნენ და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ მობილიზებული საპოლიციო ძალები და რკინის კონსტრუქციები დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში პოლიციის მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ პროტესტი ისევ გუმათის დასახლებაში გაგრძელდება.

გუმათში პროტესტს წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები საქართველოს დედაქალაქში, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე 23 მაისს დაიწყო.

მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივი ვადით გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

მთავარი თემები