21:41 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართული დიასპორა (27)
61 0 0

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა ილია მეორემ დიასპორის წარმომადგენლებს მოუწოდა, იზრუნონ იმაზე, რომ მათმა შვილებმა უცხოეთში ქართული ენა და კულტურა არ დაივიწყონ.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც დიასპორის საკითხებზე მუშაობს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის მიმართვაში, რომელიც ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა. 

პატრიარქმა უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს დიასპორის დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და სულის სიმტკიცე უსურვა.

„ნებისმიერი დიასპორა სამშობლოს სახეს წარმოადგენს და ამიტომაც დიასპორის თითოეულ წევრს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ იმყოფებით, თქვენზე არის დამოკიდებული საქართველოს და, ზოგადად, ქართველებზე განწყობისა და შეხედულებების ჩამოყალიბება. ეცადეთ ასახელოთ სამშობლო, ჩვენი წინაპრები, თქვენი ახლობლები და ოჯახი“, – ნათქვამია მიმართვაში.

ილია მეორე საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს მოუწოდებს, საქართველოს სიყვარული ჩაუნერგონ შვილებს და ასახელონ სამშობლო.

„უცხოეთში მცხოვრებო თანამემამულენო, თითოეული თქვენგანი სამშობლოსათვის მეტად ძვირფასია, თქვენ ჩვენი ნაწილი, ჩვენი ტკივილი და ჩვენი იმედიც ხართ, რადგან მრავალი ოჯახი თქვენით ირჩენს თავს და, ამასთან, ჩვენი ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი განათლებას უცხოეთში იღებს. თქვენ ჩვენი დესპანები ხართ უცხო ქვეყნის მიწაზე“, – ნათქვამია წერილში.

უწმინდესმა მადლობა გადაუხადა უცხოეთში მოღვაწე სასულიერო პირებს, რომლებიც საკუთარი ღვაწლით დიდ როლს ასრულებენ საქართველოს მომავალ თაობისთვის მშობლიური გარემოს შექმნის კუთხით. 

„იქ მყოფ სასულიერო პირთა დიდი ნაწილი მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ უცხოეთში დაბადებულ ჩვენს მომავალ თაობას მშობლიური გარემო შეუქმნან: ასწავლონ ქართული ენა და მწერლობა, ისტორია, ქართული ცეკვა და სიმღერა, ტრადიციები… ხოლო მრევლი ღვთის სადიდებლად გააერთიანონ და ერთმანეთს დააკავშირონ. მადლობა მათ ამისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში დღეს გაიხსნა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ–ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“. საქართველოში დიასპორის დღე 2008 წელს დაწესდა. ყოველწლიურად ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს. ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.

თემები:
ქართული დიასპორა (27)

მთავარი თემები