რა გაკეთდა ბოლო ოთხ წელიწადში – კახა კალაძე თბილისელების წინაშე ანგარიშით წარდგება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
თბილისის მერის განცხადებით, ოთხი წლის მანძილზე დედაქალაქში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და არანაკლებ მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყო.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. თბილისის მერია 18 მაისიდან იმ პროექტების პრეზენტაციას იწყებს, რომლებიც 2017 წლიდან დღემდე შვიდი ძირითადი მიმართულებით განახორციელა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძის განმარტებით, მისი გუნდი ქალაქს ოთხი წელია მართავს, ოქტომბერში თბილისელებს ახალი არჩევნები ელოდებათ. ამიტომაც აუცილებელია თანაქალაქელებს მერიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს.

„როდესაც ჩვენ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვმონაწილეობდით, საზოგადოებას წარვუდგინეთ ხედვა, რომელიც შედგებოდა შვიდი ძირითადი მიმართულებისგან – ურბანული განვითარების პოლიტიკა, სატრანსპორტო პოლიტიკა, ეკოლოგიური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა“, – განაცხადა კალაძემ. 
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
მუნიციპალურ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვისთვის აუქციონი გამოცხადდება

მერის თქმით, ოთხი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და არანაკლებ მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყო.

„ჩვენ ამ შვიდივე მიმართულებით ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მნიშვნელოვანი რეფორმა წამოვიწყეთ, რომელთაგან ზოგიერთი ახლაც განხორციელების პროცესშია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მოსახლეობა მიიღებს დეტალურ ინფორმაციას, რა პროექტები განხორციელდა აღნიშნული შვიდი მიმართულებით. 18 მაისიდან თითოეული მიმართულების პრეზენტაციას თითო კვირა დაეთმობა.

„მინდა 18 მაისიდან დედაქალაქის მოსახლეობას წარვუდგინო ერთგვარი ანგარიში, თუ რა გაკეთდა და რა პროექტები განხორციელდა ამ შვიდი მიმართულებით... საზოგადოებას წინასწარ მივაწვდით ინფორმაციას, თუ რომელ მიმართულებაზე გვექნება საუბარი“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, რაც, მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობისთვის სამომავლო საქმიანობაში დიდი სტიმულია.

კახა კალაძე თბილისის მერი 2017 წელს გახდა. ჯერჯერობით უცნობია, იგი აღნიშნულ თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევისთვის საკუთარ ძალებს მოსინჯავს თუ არა. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0