15:54 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)
125 0 0

თამარ გაბუნიას განმარტებით, ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია წინა პიკურ პერიოდთან შედარებით, რომელიც ნოემბერი–დეკემბერში დაფიქსირდა.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოში ლეტალური შემთხვევები გაიზარდა და მიაღწია მაჩვენებელს, რომელიც 2020 წლის დეკემბრის შემდეგ არ დაფიქსირებულა, განაცხადა ჯანმდაცვის მინისტრმა თამარ გაბუნიამ.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღას ებრძვის. სავარაუდოდ, პიკური პერიოდი ორი კვირის მანძილზე გაგრძელდება. 

დღეისათვის ქვეყანაში კოვიდ-პაციენტებისთვის 6 ათასი საწოლია მობილიზებული, მათგან 2.823 თბილისში. ბოლო მონაცემებით, კლინიკებში მკურნალობას აგრძელებს 4.296 ინფიცირებული, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 890, რეანიმაციულ განყოფილებაში კი 201 პაციენტია.

„დღეს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი პრაქტიკულად ორჯერ მეტია 2020 წლის ნოემბერი–დეკემბერთან შედარებით. მაშინ ჰოსპიტალიზაციის გეგმაში ჩვენ 25%-იანი მაჩვენებელი გვქონდა, ახლა კი დაახლოებით 45%-ია“, – განაცხადა გაბუნიამ.

აღმოჩნდა, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „რემდესივირის“ დეფიციტია. თუმცა მარაგი უახლოეს დღეებში შეივსება, განაცხადა გაბუნიამ. მისი თქმით, ქვეყანაში 660 პაციენტისთვის საკმარისი დოზა იყო შემოტანილი, მაგრამ დღეს დოზები პრაქტიკულად ამოწურულია და ჯანდაცვის უწყება ახალი პარტიის შეძენაზე მუშაობს.

მანამდე ქვეყანამ „რემდესივირი“ ინდოეთიდან შეიძინა, თუმცა, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, „რემდესივირის“ ამ ქვეყნიდან მიღება ვეღარ ხერხდება. ამ მომენტში საქართველო აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად ეგვიპტესთან მუშაობს.

ვაქცინირებულთა წახალისება

გაბუნიას განცხადებით, ვაქცინირებული მოქალაქეების წახალისების საკითხზე ხელისუფლება მაისის ბოლომდე კონკრეტულ პაკეტს შეიმუშავებს – თუ რა შემთხვევაში და რა ფორმით განხორციელდება ვაქცინირებულთა წახალისება. 

„ჩვენ 70 ათასამდე ვაქცინირებული გვყავს. კარგია, რომ ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 5 ათასს უახლოვდება, გუშინ იყო 4,7 ათასი“, – აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით 15 მარტიდან მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. ახლახან ვაქცინაციის პროგრამა კიდევ გაფართოვდა და მას 18 წელს ზემოთ პირები დაემატა.

ქვეყანაში ვაქცინაცია რამდენიმე პრეპარატით მიმდინარეობს – AstraZeneca, Pfizer, Sinopharm. ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ყველაზე მაღალი მოთხოვნაა Pfizer-ზე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 67.136 ადამიანმა გაიკეთა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)

მთავარი თემები