05:19 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
44 0 0

საქართველოში აღდგომის დღეებში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს – მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოებზე გასვლა იკრძალება

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა, პანაშვიდის გადახდა და საფლავების კურთხევა, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. ტრადიციის მიხედვით, მათ თან პასკა და წითელი კვერცხები მიაქვთ. თუმცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობამ საქართველოს მასშტაბით 2–4 მაისის პერიოდში საფლავებზე გასვლა აკრძალა – საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, დღეს სასულიერო პირები საფლავებს აკურთხებენ.

საპატრიარქოს ინფორმაციით, დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, პოლიციამ სასულიერო პირებს სასაფლაოებზე შესვლისა და საფლავების კურთხევის ნება არ მისცა.

„როგორც ირკვევა, აღნიშნული გაუგებრობა კომუნიკაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული. ამჟამად პრობლემა მოგვარებულია და სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა, პანაშვიდის გადახდა და საფლავების კურთხევა”, - ნათქვამია განცხადებაში.

საფლავების კურთხევა ხდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მთავარი თემები