07:33 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
27 0 0

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ პირს პატიმრობა 26 თებერვალს შეუფარდა.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი პატიმრობაში დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა ბრალდებულ გიორგი სახელაშვილისა და სულიკო საყევარაშვილის თავდებით გათავისუფლების, ვაჟა გიგაურის კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენეს.

საყევარაშვილის ადვოკატის გელა ნიკოლეიშვილის განმარტებით, სამივე ბრალდებულს თავდებში საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე („უცნობი“), თბილისის საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილი და სხვა პირები უდგებიან. დაცვის მხარემ სასამართლოზე სულ 2300 მოქალაქის ხელმოწერა წარმოადგინა.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მომდევნო პროცესზე მხარეები საქმეში არსებულ მტკიცებულებებს წარმოადგენენ.

ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებს უცნობი პირები 25 თებერვალს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შედეგად ჟურნალისტმა ტვინის შერყევა და სხეულის დაზიანება მიიღო.

ჟურნალისტი თავდასხმის ფაქტს მის საქმიანობას უკავშირებს, რასაც პროკურატურაშიც ადასტურებენ. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვახო სანაიას მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დაესხნენ თავს.

სამართალდამცველებმა ვახო სანაიას მიმართ მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 26 თებერვალს შეუფარდა.

დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი თემები