09:45 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
62 0 0

ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა მათი გამარჯვებით დასრულდა – კომპანია დათმობაზე წავიდა და მაღაროელთა მოთხოვნების შესრულებაზე თანხმობა განაცხადა

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. კომპანია Georgian Manganese Holding–მა, რომელიც ჭიათურაში მაღაროებს ოპერირებს, ყველა თანამშრომლისთვის ხელფასების 1 მაისიდან მომატების გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა Sputnik–თან ქიმიური და სამთო–მეტალურგიული დარგის პროფკავშირის თავმჯდომარე პაატა სამხარაძემ.

კომპანიასთან მაღაროელთა ინტერესებს პროფკავშირები წარმოადგენდა – კომპანიასა და პროფკავშირებს შორის შესაბამისი შეთანხმებას ხელი ოთხშაბათს მოეწერა.

ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელ ყველა მოქმედ მაღაროში სამუშაო პროცესი ერთკვირიანი გაფიცვის შემდეგ აღდგა.
23 აპრილს კომპანიის 3,5 ათასზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა – ისინი კომპანიისგან ხელფასების 50%-იან მატებას და ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. 

„ჩვენ, პროფკავშირებმა და კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს შეთანხმებას ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი. იგი ითვალისწინებს ხელფასებით 250 ლარით გაზრდას. გარდა ამისა, წელიწადში ოთხჯერ მაღაროელები სადღესასწაულო პრემიის სახით 50 ლარს მიიღებენ. სადაზღვევო პოლისის საკითხი ჯერ არ გადაჭრილა, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა სამხარაძემ.

Georgian Manganese–ის გადაწყვეტილებით, ყველა თანამშრომელი გიორგობის, მარიამობის, აღდგომის დღესასწაულებსა და მეტალურგის დღეზე პრემიის სახით 50 ლარს მიიღებს.

ასე რომ, ახალი ხელშეკრულებით დასაქმებულთა ხელფასზე დანამატი წელიწადში ჯამში 3.200 ლარს შეადგენს. ასევე მაისიდან ანაზღაურებას დაემატება ინდექსაცია, რაც ითვალისწინებს სატარიფო განაკვეთის 5,2%-ით მატებას.

დღეისთვის მაღაროელთა მაქსიმალური ხელფასი თვეში 1,5 ათასი ლარია.

Georgian Manganese Holding ქვეყანაში მანგანუმის მადნის მთავარი მომპოვებელია. ის ფლობს 11 მაღაროსა და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას. იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომლის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო–გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005“, კლინიკა „ფერომედი“. კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევრებში და შვიდ ღია კარიერზე.

მთავარი თემები