07:13 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
52 0 0

85 წლის კახი კავსაძე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 აპრილს გარდაიცვალა – მსახიობს შაბათს, 1 მაისს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველოში თურქეთისა და აშშ–ის საელჩოები მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

85 წლის კახი კავსაძე 27 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა, მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადიოდა. 

„ძალიან ვწუხვართ ყველასთვის საყვარელი მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალების გამო. იგი თავისი შეუდარებელი ნიჭით 1950 წლიდან დღემდე ემსახურებოდა საქართველოს კინემატოგრაფს და გამორჩეულობას, უნიკალურ ხასიათს, თავისებურებას ანიჭებდა მას. ამ აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო, ვუსამძიმრებთ მის ახლობლებსა და სრულიად საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელიც თურქეთის საელჩოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოში აშშ–ის საელჩო კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ქართველ ერს და ოჯახს უსამძიმრებს.

„ბატონი კავსაძის შემოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უამრავ ადამიანზე და სანაცვლოდ მიღებული სიყვარულისა და პატივისცემის მოზღვავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მემკვიდრეობა მარადიულია. აშშ-ის საელჩო გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს კახი კავსაძის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ქართველს, ვინც მის დაკარგვას გლოვობს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ათწლეულების განმავლობაში კახი კავსაძე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. მის ანგარიშზეა ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, 80-ზე მეტი ფილმი.

გამოჩენილ ქართველ მსახიობს შაბათს, 1 მაისს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მთავარი თემები