08:34 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
11011

საქართველო კორონავირუსის ეპიდემიას გაუმკლავდება, თუ მოსახლეობის სულ მცირე 60% აიცრება, ამისთვის კი საჭიროა 3,5–3,9 მლნ დოზა ვაქცინა.

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო  ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით რეგისტრაციის დაწყებიდან მალევე თბილისისა და  მცხეთის კლინიკებში აცრისთვის განკუთვნილი ადგილები შეივსო.

ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის 18 წლის ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია დღეს, 20:00 საათიდან  დაიწყო, ვაქცინაციის პროცესი კი 4 მაისიდან დაიწყება.

რაც შეეხება რეგიონებს, აქ აქტიურობა ნაკლებია, შედარებით მეტი ადგილია დაჯავშნილი რუსთავსა და ბათუმში.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია შემდეგ პორტალზე – booking.moh.gov.ge. ამასთან, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15 22.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩინური ვაქცინა Sinopharm მსოფლიოს 35 ქვეყანაშია აღიარებული და აღნიშნული პრეპარატის 200 მლნ დოზაზე მეტი უკვე გამოყენებულია.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯანმო Sinopharm-ის ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს ჯანმო კვირის ბოლომდე გადაწყვეტს.

საქართველომ უკვე მიიღო ჩინური ვაქცინის 100 ათასი დოზა. ამ ვაქცინით მსოფლიოში უკვე 150 მლნ ადამიანია აცრილი. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ მიიღო საქართველოში მისი გამოყენების გადაწყვეტილება. უახლოეს პერიოდში ქვეყანა მიიღებს მეორე ჩინურ ვაქცინას Sinovac (100 ათასი დოზა) და ივნის–ივლისში – Sinopharm-ის დამატებით დოზას (0,5 მლნ დოზა).

ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია, აღნიშნავენ ეპიდემიოლოგები. ამ ტექნოლოგიითაა შემუშავებული, მაგალითად, დიფტერიის, В–ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველასა და სხვა დაავადებების ვაქცინები.

სპეციალისტების თქმით, საქართველოს 3,5–3,9 მლნ დოზა ვაქცინა სჭირდება იმისთვის, რომ პრეპარატის ორი დოზა 1,7 მილიონმა ადამიანმა მიიღოს.

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამჟამად საქართველოში ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატები გამოიყენება. ამ დროისთვის აცრილია 40 ათასზე მეტი ადამიანი.

მთავარი თემები