თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ანტისხეულებზე სწრაფი ტესტების შემოტანა გვიანდება და, წარმოქმნილი დეფიციტის გათვალისწინებით, ისინი ახლა სახელმწიფოს ხარჯზე ხელმისაწვდომია მხოლოდ კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
იმნაძე: საქართველო „ინდური შტამის“ გავრცელებისგან დაზღვეული არაა>>
ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა პირობა დადო, რომ დეფიციტის პრობლემა ორ–სამ დღეში მოგვარდება.
„ამ ეტაპზე სწრაფი ტესტები მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანებს უკეთდება სახელმწიფოს ხარჯზე, ხოლო უსიმპტომოებს ვთავაზობთ PCR–ტესტირებას. მოგეხსენებათ, სწრაფი ტესტი 15-20 წუთში იძლევა პასუხს, ხოლო PCR-ს სჭირდება დაახლოებით 24 საათი. ორ–სამ დღეში ეს სრულიად მოწესრიგდება და დავუბრუნდებით ჩვეულებრივ რიტმს“, – განაცხადა დამყრელიძემ.
მისი თქმით, სწრაფ ტესტებს ხშირად იყენებენ, ამიტომ გაჩნდა დეფიციტი ქვეყანაში. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ შეიძინა 1,5 მლნ ტესტი და აქედან 400 ათასი უკვე 27 აპრილს უნდა მიიღოს.
„პირველი მილიონი უნდა შემოვიდეს ამ კვირაში. ასე რომ, ვფიქრობ, ქვეყანაში ტესტების დეფიციტი არ შეიქმნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 11.226 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3.463, PCR–ტესტით – 7.763; გამოვლინდა კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა.
სულ პანდემიის დაწყებიდან გამოვლენილია ინფიცირების 304 ათასზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 287 ათასზე მეტი და გარდაიცვალა 4.043 ადამიანი.