17:55 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
98 0 0

საქართველოში ერთ თვეში საშუალოდ ხორციელდება 308 მილიონი ზარი, მათი პიკი ივნისი-ოქტომბრის პერიოდზე მოდის

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. 2020 წელს საქართველოს მცხოვრებლები საკუთარ მობილურ ტელეფონებზე ერთ თვეში დაახლოებით 8 მილიონ ლარს ხარჯავდნენ, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალზე გამოქვეყნებულ მასალებში.

კომისიის მონაცემებით, საქართველოში მობილური ოპერატორების აბონენტია 3,6 მილიონი ადამიანი, მაშინ როდსესაც 2019 წელს მათი რაოდენობა 3,7 მილიონს შეადგენდა. ასეთი მაღალი რაოდენობა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას უტოლდება, აიხსნება იმით, რომ ერთ აბონენტზე სხვადასხვა ოპერატორის რამდენიმე ნომერი შეიძლება იყოს დარეგისტრირებული.

2020 წელს საქართველოში მობილურ ტელეფონზე სასაუბროდ 94,4 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამასთან ხმოვანმა ტრაფიკმა შეადგინა დაახლოებით 6,9 მლრდ წუთი, მობილური ოპერატორების აბონენტების მიერ 3,7 მლრდ ზარი განხორციელდა.

საშუალოდ საქართველოში ერთ თვეში 308 მილიონი ზარი ხორციელდება. მათი პიკი ივნისიდან ოქტომბრამდე პერიოდზე მოდის.

შედარებისთვის, 2019 წლის ხმოვანმა ტრაფიკმა შეადგინა დაახლოებით 6,7 მილიარდი წუთი, ხოლო ზარების რაოდენობამ - დაახლოებით 4,1 მლრდ. საუბრებზე გაწეულმა ხარჯებმა 110,5 მილიონი ლარი შეადგინა.

2019 წელთან შედარებით 2020 წელს მობილური ინტერნეტით მოსარგებლეთა რაოდენობა 1,7 მილიონიდან 2 მილიონამდე გაიზარდა.

ხოლო ერთ წელიწადში გაგზავნილი სმს-შეტყობინებების რაოდენობა შემცირდა 2,3 მილიარდიდან 1,7 მილიარდამდე. ასევე შემცირდა გაგზავნილი მმს-შეტყობინებების რაოდენობა - 526 ათასიდან 500 ათასამდე.

დღეს საქართველოში ოთხი კომპანია ოპერირებს - „მაგთიკომი“, „სილქნეტი“, „ბილაინი“ და „გლობალ სელი“. აბონენტების რაოდენობის მიხედვით, „მაგთიკომი“ ლიდერობს 1.5 მილიონით, მეორე ადგილზეა „სილქნეტი“ 1.3 მილიონით, ხოლო მესამე ადგილზეა „ბილაინი“ 1 მილიონი აბონენტით. დანარჩენები „გლობალ სელის“ აბონენტები არიან - 127 ათასი ადამიანი.

მთავარი თემები