ცერცვაძე: ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა

© courtesy of Tengiz Tsertsvadzeთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
სპეციალისტები შიშობენ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანა გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თუ მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეს გაიაზრებს, მესამე ტალღის შეჩერება შესაძლებელი გახდება, განაცხადა თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დღითი დღე უარესდება. ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ოთხნიშნა რიცხვით გამოიხატება. სპეციალისტები მესამე ტალღის მოახლოებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებას კვლავ მოუწიოს შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამყრელიძე: კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები იზრდება

„თუ ბოლოდე გავიაზრებთ იმ საფრთხეს, რომელსაც მესამე ტალღა უქმნის მთელ მსოფლიოს და საქართველოს, მის ეკონომიკასა და ჯანდაცვის სექტორს, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ შევაჩეროთ და თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით, თუ ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას ვერ აიცილებს თავიდან, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ჰოსპიტალური სექტორი დადგება.

ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა კლინიკურ სექტორზე უკვე აისახა. დღითი დღე იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის  დაახლოებით 2 ათასი თავისუფალი საწოლია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია და პაციენტების მისაღებად მზად არის.

თუმცა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს და დღეს მოქმედი კოვიდ–შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება, ჯანდაცვის სისტემასა და კლინიკურ სექტორს გაუჭირდება გაზრდილი შემთხვევების მართვა. მათი თქმით, ქვეყანაში რეგულაციების სრულ გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც მოსახლეობის 60-70% იქნება ვაქცინირებული.

ხელისუფლების წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ, მათ შორის, პირბადის სწორად ტარების, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1.030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების საერთო რაოდენობამ 292 ათასს გადააჭარბა.

ყველა ახალი ამბავი
0