ირაკლი ღარიბაშვილი – დედაენა ჩვენი იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია

© photo: Government of Georgia / FBირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
როგორც წესი, ქართული ენის დღე მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება, იმართება გამოფენები და შემეცნებით–გასართობი ღონისძიებები.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. დედაენა ჩვენი იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია, ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან თარიღს – ქართული ენის დღეს.

ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 43 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რის შედეგადაც საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. 

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს

„1978 წლის 14 აპრილს საქართველოს ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანის მიერ ქართული ენის დაცვა ამავდროულად ქვეყნის თავისუფლებისკენ სწრაფვის გამოხატულებად იქცა... დღეს მადლიერებას გამოვხატავთ ამ უპრეცედენტო სამოქალაქო გმირობის ყველა მონაწილისადმი და, ამასთან, ვაცნობიერებთ ჩვენი, დღევანდელი თაობების პასუხისმგებლობასაც“, – დაწერა ღარიბაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

დედაენის დღეს ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც. მისი თქმით, მსოფლიო დამწერლობათა შორის ქართულ ანბანს გამორჩეული ადგილი უკავია.

„ქართული ენა ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი თავგადასავალია. ჩვენი წინაპრების თავდადებამ, მათ შორის, 1978 წელს საზოგადოების მტკიცე და ერთსულოვანმა ძალისხმევამ დღემდე შემოგვინახა ეს საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება“, – დაწერა თალაკვაძემ სოციალურ ქსელში.

ქართულ ენას უძველესი ტრადიცია გააჩნია. ქართულ ენას უწყვეტი წერითი და ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში არამეული და ბერძნული დამწერლობის ზეგავლენით შეიქმნა.

ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა ძველქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან – ნუსხური დამწერლობა (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან – მხედრული (სამოქალაქო) დამწერლობა.

ქართულ ენაზე დაწერილი უძველესი ნაწარმოები – იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ 476 წლით თარიღდება.

ყველა ახალი ამბავი
0