08:02 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
138 0 0

დროებითი ლეგალური დასაქმება საქართველოსა და ისრაელს შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ, იუწყება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში დასაქმების საკითხი დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა განიხილეს.

საქართველოში ისრაელის ელჩის განცხადებით, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა 1000-მდე ქართველისთვის, ჩავიდეს და ლეგალურად იმუშაოს ისრაელში.

„აღნიშნული წარმოადგენს ისრაელში საქმიანობის შედარებით ახალ მიმართულებას და ჩვენ განსაკუთრებულად დიდი სიფრთხილით მივუდექით იმ საკითხს, თუ რომელი ქვეყნებისთვის, რომელი მთავრობებისთვის მიგვემართა. ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო“, – განაცხადა რან გიდორმა.

ჯანდაცვის მინიტრის მოადგილის განცადებით, დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ჰქონდეთ ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა.

  • „ჩვენ ისრაელთან ხელმოწერილი ხელშეკრულების განხორციელებას ვიწყებთ ორშაბათიდან, რომლის ფარგლებშიც შინ მოვლის სპეციალისტებს ექნებათ საშუალება, ისრაელში დასაქმდნენ ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით“, – აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/, რომელიც 12 აპრილიდან ამოქმედდება.

საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.

სამუშაოს ხანგრძლივობა არის 6 სამუშაო დღე კვირაში, სრული განაკვეთი.

თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით შეადგენს 5300 შეკელს.

ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

განათლება:

  • საშუალო სკოლადამთავრებული;
  • სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.
  • ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

ზოგადი მოთხოვნები:

  • საქართველოს მოქალაქე;
  • ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
  • სიმაღლე: არანაკლებ 1,5 მეტრი. წონა: არანაკლებ 45 კგ;
  • ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
  • ნასამართლეობის არმქონე;
  • ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე;
  • არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
  • არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;
  • კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაივლის COVID-19-ის ტესტს საქართველოში;
  • კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

მთავარი თემები