12:46 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1082)
41 0 0

ყველა პროექტი მიმართულია ქართული კულტურის პოპულარიზაციისკენ, კავშირების განმტკიცებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. თბილისში დიასპორებისთვის განკუთვნილი სამი პროგრამა წარმოადგინეს – პროექტები „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ და „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ და საგრანტო კონკურსი „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“.

პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“

საგრანტო პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობების განვითარებას. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგრანტო პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს. მისი ამოცანაა „ახალგაზრდა ელჩების“ მიერ საქართველოს, მისი კულტურის პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა.

„პროგრამის ფარგლებში იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებიან, შესაძლებლობა ეძლევათ გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ“, – აღნიშნულია ვებ-გვერდზე.

პროგრამის ფარგლებში 2021 წელს „ახალგაზრდა ელჩები“ მსოფლიოს 30 ქვეყნაში ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენა 2021 წლის 5 მაისამდეა შესაძლებელი.

„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“

აღნიშნული პროგრამისთვის შესარჩევი კონკურსი უკვე დაიწყო. პროგრამის მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, ასევე თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა და ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა. 

პროგრამაში გამარჯვებულებს კონკურსის წესით გამოავლენს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.

საგრანტო განაცხადები მიიღება 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით. სამინისტროს მიერ „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამა 2019 წლიდან ხორციელდება.

„უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“

პროექტის მიზანია როგორც ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავება, ისე საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია. 

პროგრამა წელს პირველად საპილოტო რეჟიმში ხორციელდება და მის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკორული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები.

გრანტის საერთო თანხაა 150 ათასი ლარი. კონკურსში გამარჯვებული თითოეული კანდიდატი მიიღებს არაუმეტეს 10 ათას ლარს.

განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 5 მაისამდე. კონკურსზე წარდგენილი პროექტები განხორციელდება 2021 წლის 1 დეკემბრამდე.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ დაახლოებით 90 ქართული ფოლკლორული ანსამბლი მოქმედებს.

 

თემები:
საქართველო და კულტურა (1082)

მთავარი თემები