12:19 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (532)
275 0 0

სოფელში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევები „აჭარა ტექსტილის“ ფოთის ფილიალს უკავშირდება, რომლის 50-მდე თანამშრომელს ინფექცია დაუდასტურდა.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში 18 ოჯახი მკაცრ იზოლაციაში იმყოფება, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

ორსანტიაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება და თერმოსკრინინგი მესამე დღეა ხორციელდება. სოფელში პოლიციის საკონტროლი პუნქტებიც მოეწყო. ადგილზე ეპიდემიოლოგთა ორი ჯგუფი მუშაობს. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტესტირება ჩაუტარდა 431 მოქალაქეს. აქედან ბოლო სამ დღეში კორონავირუსი დაუდასტურდა 22-ს. 

სოფელ ორსანტიაში კორონავირუსის ახალი კერა ფოთში მდებარე „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება, სწორედ აქ მომუშავე 4 ქალბატონს დაუდგინდა თავდაპირველად ვირუსი. გასულ კვირაში „აჭარა ტექსტილის“ ფოთის ფილიალში ინფიცირების 50-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც საწარმომ ფუნქციონირება დროებით შეაჩერა.

ქართველი სპეციალისტები არადამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ. მათი განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველო გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.

ეპიდემიოლოგების თქმით, წინა კვირებთან შედარებით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-დან 51%-მდე გაიზარდა, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. ისინი მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 284 ათასს გადააჭარბა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, რეგიონებიდან კი გურიაში, სამეგრელო–ზემო სვანეთში, იმერეთსა და აჭარაში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (532)

მთავარი თემები