თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინა Sinopharm უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აღიარებულია, ამის საფუძველზე ვაქცინა დაიშვა საქართველოშიც, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო. ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება ავტორიზაციას, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, თუ როდის დაიწყება საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია.
„მნიშვნელოვანია, რომ უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით, შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჩინურ ვაქცინასა და მის სანდოობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც. მისი განცხადებით, ვაქცინა უკვე ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მასშტაბით.
„ჩინეთის გარდა, „სინოფარმის“ ვაქცინა ძალიან ფართოდ გამოიყენება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ვაქცინა ასევე ნაყიდი აქვს სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანას – ბრაზილიას, ჩილეს. ევროპის ქვეყნებიდან ძალიან მაღალი აქტივობით იყენებენ უნგრეთი, სერბეთი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ასევე ისაუბრა ჩინური ვაქცინა Sinovac-ის შესახებ, რომელიც ასევე გავრცელებულია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში და დაახლოებით 15 მილიონი დოზა უკვე გამოყენებულია. ავტორიზაციის შემდეგ კი აღნიშნულ პრეპარატს ჩინეთის მთავრობა საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცემს.
ამირან გამყრელიძე: საქართველო COVID-19-ის მესამე ტალღის წინაშე დგას>>
ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია, აღნიშნავენ ეპიდემიოლოგები. ამ ტექნოლოგიითაა შემუშავებული, მაგალითად, დიფტერიის, В–ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველასა და სხვა დაავადებების ვაქცინები.
ამჟამად საქართველოში ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატები გამოიყენება.