07:38 09 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1450
  • 100 RUB4.6319
  • USD3.4324
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (410)
91 0 0

განათლების სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციებს მოუწოდებს, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დასრულება სკოლის შენობაში შეძლონ.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით სკოლებში მონიტორინგს აძლიერებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0,03%-ს დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიგიენური წესების ზედმიწევნით დაცვასთან დაკავშირებით კონტროლი უფრო მეტად გამკაცრდება.

გარდა ამისა, სახელმწიფოს დაფინანსებით ინტენსიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის სისტემატური ტესტირება.

4 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 37 სკოლა და 117 ცალკეული კლასი იმყოფება. 

ორი დღის წინ საქართველოს მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე 52 სკოლა იმყოფებოდა. აქედან 15 სკოლა ორშაბათიდან სწავლას საკლასო ოთახებში განაახლებს.

„ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 80 მასწავლებელი იმყოფება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლებზე წერტილოვანი შეზღუდვები კვლავ გავრცელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

განათლების სამინისტროს მონაცემებით, ინფექციის პრევენციისთვის საჭირო საშუალებებით საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლა მაქსიმალურად არის მომარაგებული.

როგორც ადრე უწყებაში განმარტეს, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მეორე სემესტრი სკოლების შენობებში და არა დისტანციურად დასრულდეს.

15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ.

თემები:
განათლება საქართველოში (410)

მთავარი თემები