09:18 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
91 0 0

ნამოხვანისა და ჟონეთის მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მდინარე რიონზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ თითქმის ნახევარი წელია გრძელდება

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, არ ჩაერიოს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში.

გუშინ რიონის ხეობაში, სადაც „ნამახვანჰესის“ მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები განახლდა,  მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო. პოლიციას ბლოკირებული ჰქონდა ხეობის ის ნაწილი, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობა იგეგმება და აქტივისტებს არ უშვებდა. დააკავეს აქციის ორი მონაწილე, ასევე 12 აქტივისტი, რომლებსაც კომენდანტის საათის დარღვევას ედავებიან, 2000-2000 ლარით დააჯარიმეს.

დღესაც რიონის ხეობაში, სადაც  „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს,  სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და პოლიციის დანაყოფებია მობილიზებული. სამართალდამცველებს კვლავ ბლოკირებული აქვთ ნამოხვანამდე მისასვლელი გზები და გადაადგილება შეზღუდულია. 

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ  გადაადგილების შეზღუდვით მოქალაქეებს ჩამოერთვათ შეკრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, ასევე შეკრების თავისუფლებაში ჩარევად უნდა შეფასდეს ამ პირების დაჯარიმება, რომელთა შეკრების და ადგილზე დარჩენის მიზანს აქციასთან შეერთება წარმოადგენდა და მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ მოახერხეს სასურველ ტერიტორიაზე შესვლა.

„აღნიშნული ქმნის ეჭვებს პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვის მოქალაქეთა პროტესტის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესახებ, რაც მიუღებელ პრაქტიკას წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით,  სახალხო დამცველის წარმომადგენელი დღესაც დააკვირდება აქციის მიმდინარეობას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან, უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს სიგნალის ჩამხშობი აპარატურა ან სხვა საშუალებები, რაც ხელს შეუშლის მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე მოვლენების თაობაზე, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები აწარმოოს აქციების მონაწილეებთან და არ გამოიყენოს ძალა მათ წინააღმდეგ.

ასევე, ნინო ლომჯარია მიმართავს  გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს,  ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, კონსენსუსის მიღწევამდე წარმართონ საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კონსენსუსის მიღწევამდე უზრუნველყოს მიმდინარე სამშენებლო/მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება.

„ნამახვან ჰესის“ პროექტი და პროტესტი

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA-სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს დაიკავებს – ცაგერის და წყალტუბოს.

ჰესის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ის მოქალაქეებში მკვეთრ პროტესტს იწვევს. ჰესების მოწინააღმდეგეები უკვე 5 თვეზე მეტია მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ. დღეს პროტესტის 162-ე დღეა. პროტესტების შედეგად ხელისუფლებამ მოსახლეობასთან მოლაპარაკების დაწყება გადაწყვიტა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „ნამახვანჰესის“ კაშხლის სამშენებლო სამუშაოები ცხრა თვით შეჩერდა და ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოზე ზემოქმედების ეფექტი.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს – „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%-ით გაიზრდება.

მთავარი თემები