00:55 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
85 0 0

კერძოდ, საუბარია ვაშლიჯვარში, ბროწეულის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლებზე.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. გეოლოგები თბილისის მერიას მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გაყვანის რეკომენდაციას აძლევს ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე ბროწეულის ქუჩიდან, რომელიც მეწყრულ ზონაში მოხვდა.

თავად ქუჩის მოსახლეობამ აღნიშნული მოთხოვნით აქცია რამდენჯერმე გამართა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ვაშლიჯვრის დასახლებაში გზის მშენებლობისა და წყალსადენის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მეწყრის სიღრმემ 15–20 მეტრს მიაღწია. ამას დაემატა სამშენებლო სამუშაოები და ბუნებრივი პროცესები ტექტონიკური რღვევების სახით. 

„მეწყრის მოცულობა იზრდება. აქამდე თუ საუბარი იყო 500 ათასი კუბური მეტრის შესახებ, ახლა მოცულობა 800 ათასამდე გაიზარდა. აღმოჩნდა, რომ სხვა უბნებიც მოძრაობაში და დინამიკაშია. დაზუსტებულად საუბარია მოწყვეტის ზედაპირზე, ანუ საუბარია მეწყრის სიღრმეზე, რომელიც 16-18 მეტრის სიღრმეზე მერყეობს. რაც შეეხება ბროწეულის ქუჩას, მივედით იმ დასკვნამდე, რომ რადგან დაზუსტებით ვერ ვამბობთ, ნამდვილად შეეხება თუ არა საფრთხე მოსახლეობას, ამიტომ ვფიქრობთ, აუცილებელია მათი ტერიტორიიდან დროებით გაყვანა", – განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა სუხიშვილმა.

გეოლოგების თქმით, ბლოკები და ნაპრალები მუდმივ დინამიკაშია.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ, პირველადი შედეგებით, მეწყრის მარჯვენა ბლოკის ფარდობითი გადაადგილება კვირაში 2-23 სანტიმეტრს შეადგენს, რაც გაცილებით სწრაფია, ვიდრე მეორე ბლოკი, თუმცა ისიც დინამიკაშია. 

კვლევის შედეგებით, ვაშლიჯვარი–ნუცუბიძის ფერდობზე 18 მეტრამდე სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე დღე-ღამეში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით იზრდება. გეოლოგების პროგნოზით, ჭარბი ნალექისა და მიწისძვრის შემთხვევაში ფერდობიდან შეიძლება 800 ათასი კუბომეტრი მიწის მასა დაიძრას.

კვლევის თანახმად, მეწყერი, სავარაუდოდ, მოიცავს მაჭავარიანის ქუჩას, გელოვანი-მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ მშენებარე გზატკეცილს, ბროწეულის და გელოვანის ქუჩებს.

გარდა ამისა, ექსპერტების ვარაუდით, თუ მეწყერი მთის ქვედა ნაწილში კიდევ ერთ მეწყერს წარმოშობს, მისი ჩამოწოლა უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

მთავარი თემები