01:30 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
4710

დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 82 წელი შეუსრულდებოდა. გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა. გამსახურდიას სახელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა უკავშირდება. 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე საქართველოს მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ სსრკ-ის შემადგენლობიდან საქართველოს გასვლას და დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი. 

ირაკლი ღარიბაშვილმა და არჩილ თალაკვაძემ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში პრეზიდენტის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც „თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის ქვეყნიდან გააძევეს.

ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში. 1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.

1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.

2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.

მთავარი თემები