ღარიბაშვილი: „ნამახვანჰესი“ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტია

© Sputnik / STRINGERირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
ნამოხვანისა და ჟონეთის მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მდინარე რიონზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ამ დრომდე გრძელდება. ისინი ხეობიდან ინვესტორის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ კაშხლის სამშენებლო სამუშაოები გარკვეული პერიოდით შეჩერდება და ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოზე ზემოქმედების ეფექტი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან. 

აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია დასრულდა: შემდგომი გეგმები

საქართველოს მთავრობამ დამატებითი კვლევების ჩატარებამდე „ნამახვანჰესის“ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება მარტის დასაწყისში მიიღო. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ გაზრდილი პროტესტის ფონზე პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს პროცესებში პირადად ჩართვა და მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა დაავალა. ადგილობრივები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და ოთხ თვეზე მეტია საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ადგილი, სადაც ჰესი შენდება, სეისმურად აქტიური ზონაა და აქ სამშენებლო სამუშაოების წარმოება არ შეიძლება.

„სამშენებლო კომპანიასთან რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიეთ. კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე პერიოდით, რა დროსაც შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან კიდევ ერთხელ გადამოწმდება და შესწავლილი იქნება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი – შემოწმდება გარემოზე ზემოქმედების ეფექტი, დამაზიანებელია თუ არა ჰესის მშენებლობა ხეობისთვის და ა.შ.“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ტერიტორიის 99 წლით იჯარით გადაცემის საკითხს, რასაც ასევე აპროტესტებს მოსახლეობა, ღარიბაშვილის თქმით, ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. როგორც პრემიერმა განმარტა, ხელისუფლება რიონის ხეობის განვითარებისთვის 5-მილიონიანი ფონდის შექმნას გეგმავს. 

აქცია  - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
მინისტრებმა პირობა შეასრულეს: „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პირველი შეხვედრა შედგა

„კომპანია ჰესის მშენებლობაში 840 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს... დამისახელეთ კომპანია, რომელიც კოვიდ-პანდემიის დროს ამ მასშტაბის ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში. მშენებლობაზე დასაქმდება 2 ათასი ადამიანი და ჩვენს ენერგოსისტემას 400-ზე მეტი მეგავატი სიმძლავრის ჰესი შეემატება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის „ნამახვანჰესი“ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია და ჰესის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია.

„დიდი და საშუალო ჰესების გარდა, საპროტესტო აქციები მცირე ჰესებთან დაკავშირებითაც დაიწყო. რეალურად, ჩვენ ვისმენთ ჩვენი ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ აგორებულ, ხელოვნურად ინსპირირებულ ტალღას. ეს უნდა დასრულდეს. ამისთვის სახელმწიფო კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობა შეჩერდა>>>

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA-სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს დაიკავებს – ცაგერის და წყალტუბოს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს – „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%-ით გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0