თბილისი, 26 მარტი – Sputnik. 19 წლის ფეხბურთლის გიორგი შაქარაშვილის საქმის სამ ფიგურანტს – საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს ამნისტია შეეხო და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.
გოგშელიძის, ჩხარტიშვილისა და წაქაძის მიმართ, დაზარალებულ მხარესთან შეთანხმების საფუძველზე, 11 იანვარს აღკვეთის ღონისძიება გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებით შეიცვალა.
სამივე პირს ბრალი ედება ძალადობასა (აგარაკზე ჩხუბის ეპიზოდი) და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში.
ამნისტია დაკავებულებს დაზარალებულ მხარესთან შეთანხმებით შეეხო.
„მე პრეტენზია არ მაქვს, გავრცელდეს მათზე ამნისტია, წინააღმდეგი არ ვარ“, – განაცხადა დაზარალებულ მხარედ ცნობილმა ვახტანგ ჩიქოვანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე.
ჩიქოვანის ამ პოზიციის შემდეგ ბრალდებულთა გათავისუფლებას დათანხმდა საქმის პროკურორიც.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოცხადების დროს განმარტა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან ერთად ბრალდებულებს დაუბრუნდებათ გირაოს თანხაც, რის საფუძველზეც ისინი მიმდინარე წლის 11 იანვრიდან პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გასული წლის 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. როგორც აღმოჩნდა, იგი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მეგობრებთან ერთად წვეულებიდან წავიდა.
პროკურატურამ დაადგინა, რომ შაქარაშვილი წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო.
შაქარაშვილის მკვლელობას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი მცხეთა–თბილისის ტრასაზე და მცხეთაში აგარაკზე. ამნისტირებული სამი პირი მცხეთის აგარაკზე ჩხუბის მონაწილეები იყვნენ.