თბილისი, 18 მარტი – Sputnik. მომღერალი თორნიკე ყიფიანი, რომელიც საქართველოს „ევროვიზიაზე“ წარადგენს, სკანდალური განცხადების გამო შესაძლოა კონკურსს მიღმა აღმოჩნდეს.
საქმე ისაა, რომ მომღერალმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე საკონკურსო სიმღერის კლიპს განცხადება დაურთო, სადაც კონკურსს „კურკლშოუდ“ მოიხსენიებს, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც მის სიმღერაზე ცუდს იტყვის, აგინებს.
უკვე მეორე წელია, რაც თორნიკე ყიფიანი „ევროვიზიის“ კონკურსანტია საქართველოდან. პანდემიის გამო შარშან კონკურსი გაუქმდა და 2021 წლისთვის გადაიდო.
You - ასე ჰქვია მომღერლის ავტორობით შექმნილ სიმღერას, რომლის არანჟირებაც, ყიფიანთან ერთად, ალეკო ბერძენიშვილს ეკუთვნის. სტუდიური ჩანაწერის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს შემსრულებლებმა მარიამ შენგელიამ, მარიკო ლეჟავამ, ალეკო ბერძენიშვილმა და გორის გოგონათა კაპელამ. მულტიჟანრობრივი ვიდეოკლიპის გადაღება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მიმდინარეობდა.
საკონკურსო სიმღერა შარშანდელისგან განსხვავებულია. წელს არჩევნი ყიფიანმა უფრო ლირიკულ სიმღერაზე გააკეთა, რასაც მისი ქართველი თაყვანისმცემლების მხრიდან კრიტიკა და ერთგვარი გაღიზიანება მოჰყვა. როგოც ჩანს, ყიფიანმა კრიტიკას ვერ გაუძლო და სწორედ ამას ეძღვნება სტატუსი.
მომღერლის მიერ აგორებულ სკანდალზე წერენ „ევროვიზიის“ უკრაინულ, რუსულ და ბელორუსულ ვებ-გვერდებზე, ითხოვენ მომღერლის კონკურსიდან მოხსნას. თუ ეს მოხდა, ეს მეორე შემთხვევა იქნება საქართველოს „ევროვიზიულ“ ისტორიაში. პირველად საქართველო 2009 წელს მოხსნეს კონკურსიდან. მაშინ ევროვიზია მოსკოვში ტარდებოდა, ხოლო ჩვენი კონკურსანტები იყვნენ „სტეფანე და 3G“ სიმღერით We Don't Wanna Put In. ოფიციალური მიზეზი მაშინ ის გახდა, რომ სიმღერა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს დაუკავშირეს და მოსკოვში კონკურსანტების უსაფრთხოებას ვერ დაიცავდნენ.
რა მოხდება თორნიკე ყიფიანის შემთხვევაში, ჯერჯერობით უცნობია. თორნიკე ყიფიანისგან კი სკანდალური სტატუსები პირველი არ არის. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი სტატუსი, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერა, ამბობდნენ, რომ ყოფილ მეუღლეს მიუძღვნა. თორნიკე ყიფიანი მარიამ სოსელიაზე იყო დაქორწინებული, წყვილს ორი შვილი ჰყავს, თუმცა ამჟამად ერთად არ ცხოვრობენ.
თორნიკე ყიფიანი 2012 წელს გახდა ტელეკომპანია „მაესტროს“ მუსიკალური შოუს „მაგთიფანის“ ფინალისტი, ხოლო 2016 წელს ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის მეგაშოუს "X-ფაქტორის“ გამარჯვებული. მონაწილეობდა "საქართველოს ვარსკვლავში“. დაიბადა 1987 წლის 11 დეკემბერს თბილისში. 19 წლის ასაკში ჩამოაყალიბა საკუთარი მუსიკალური ჯგუფი "წრიული კუთხე“, სადაც უკრავდა გიტარაზე და მღეროდა. ჰქონდა კონცერტები საქართველოში და საზღვარგარეთ.