თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოში ფიტნეს–დარბაზებმა მუშაობა 15 მარტიდან განაახლეს, თუმცა, ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.
ფიტნეს–დარბაზებმა მუშაობა პირველად ერთი წლის წინ შეაჩერეს, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია დაიწყო. ზაფხულში მათ ფუნქციონირება განაახლეს, მაგრამ ნოემბერში გართულებული ეპიდვითარების გამო მუშაობა კვლავ შეწყვიტეს.
როგორც ფიტნეს–კლუბ „ოქტოპუსის“ მფლობელმა გიორგი ასათიანმა განაცხადა, პაუზამ, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა, კლუბებს რამდენიმე მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. ისინი თვლიან, რომ სახელმწიფომ ამ სფეროსთვის გარკვეული საგადასახადო შეღავათები უნდა დააწესოს, რათა სპორტდარბაზებმა კრიზისიდან გამოსვლა შეძლონ.
„დღეს დილიდან დავიწყეთ მუშაობა. ჩვენი კლიენტები დაბრუნდნენ და დილიდან ხალხის ნაკადი არ წყდება. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი მხრივ, ჩვენთვის და ჩვენი მომხმარებლისთვის სასიხარულო დღეა, მეორე მხრივ, ჩვენ მილიონი ლარის ოდენობით ზარალის პირობებში გავიხსენით. ეს ნიშნავს, რომ ფიტნეს–კლუბები ამ კრიზისიდან არცთუ მალე გამოვლენ“, – განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ასათიანმა.
როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ბიზნესის ამ სფეროს უნდა დაეხმაროს და მისთვის გარკვეული საგადასახადო შეღავათები დააწესოს, როგორც ეს ტურისტულ სექტორთან მიმართებით მოხდა.
საქართველოში 15 მარტიდან კოვიდ–შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო. დიდხნიანი პაუზის შემდეგ ფუნქციონირება განაახლეს სპორტდარბაზებმა და საცურაო აუზებმა. სტუდენტები დაუბრუნდნენ აუდიტორიებს, თეატრებს კი რეპეტიციების ჩატარების უფლება მიეცათ.