თბილისი, 11 მარტი – Sputnik. ახალი მილიონერის სახელი ცნობილია – 1 015 291 ლარის ოდენობის ჯეკპოტი („ლოტო 6\42“) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა მარინე კობახიძემ მოიგო.
ბედნიერი კომბინაცია ასეთი იყო: 2, 14, 17, 20, 34, 38.
ლატარია 9 მარტს გათამაშდა, თუმცა გამარჯვებული მაშინვე არ დაუსახელებიათ. კომპანია „საქართველოს ეროვნული ლატარია“ მოთამაშეებს ბილეთების გადამოწმებას სთხოვდა. გამარჯვებულის ვინაობა ლატარიის კომპანიის წარმომადგენელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დაასახელა.
ფორტუნამ 55 წლის მარინე კობახიძეს გაუღიმა, რომელიც თბილისში ცხოვრობს. მან ორლარიანი ბილეთი ყაზბეგის გამზირზე იყიდა.
ლოტოში „6\42“ ჯეკპოტი უკვე მეოთხედ გათამაშდა, აქედან მილიონზე მეტი თანხა – მეორედ.
ყველაზე დიდი მოგება 2010 წელს დაფიქსირდა. მაშინ 4,4 მლნ ლარის ჯეკპოტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა 44 წლის ზაირა თორდინავამ მოიგო.