თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
გამყრელიძის განმარტებით, პაციენტი ვირუსით დაახლოებით სამი თვის შემდეგ განმეორებით დაინფიცირდა.
„დადასტურდა რეინფიცირების შემთხვევა სამთვიანი შუალედით. ეს არის ერთი და იმავე შტამის მუტანტი, მაგრამ არა იდენტური. გენომში მცირედი ცვლილებები გამოვლინდა. თუმცა, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არ არის ბრიტანული შტამი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. რეინფიცირება გულისხმობს შემთხვევას, როდესაც პაციენტმა კორონავირუსის ერთი და იგივე ტიპი მეორედ გადაიტანა.
სპეციალისტების განმარტებით, კორონავირუსით რეინფიცირება შეიძლება ორი-სამი თვის შემდეგ მოხდეს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს დარჩება ორგანიზმში ანტისხეულების მაღალი დონე.
საქართველოში 9 მარტიდან კოვიდ-გადატანილი პაციენტების ე.წ. პოსტკოვიდური კვლევა დაიწყო, რომლის მიზანიც ვირუსის შემდგომი შესაძლო გართულებების გამოვლენაა.
თებერვლის დასაწყისში ხელისუფლებამ პოსტკოვიდური კვლევის დაწყება დააანონსა, რომლის ფარგლებშიც შემთხვევითობის პრინციპით იმ ადამიანების გამოკვლევა მოხდება, რომლებმაც ინფექცია დაამარცხეს.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 273 ათასზე მეტი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 267 ათასზე მეტი პაციენტი, გარდაიცვალა 3.601 ადამიანი.