თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ მარტვილში მომხდარი ფაქტი ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობად და დევნად შეაფასა.
გუშინ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მრევლის ნაწილს ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრებაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა, რომელზეც ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკვანს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება აუკრძალა. დიაკვნებს მრევლის ნაწილი გამოექომაგა. დაპირისპირების შედეგად ეპარქიის რეზიდენციის შენობის მეორე სართულზე აივნის ხის მოაჯირი მოირღვა და რამდენიმე ადამიანი გადავარდა. დაშავებულთა შორის მასმედიის წარმომადგენლებიც არიან.
„მსგავსი რამ თანამედროვე ეპოქაში ეკლესიას არ ახსოვს. ეს არის გაუგონარი თავხედობა, ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვა... ძალიან ვწუხვარ მომხდარი ინციდენტის გამო, რა დროსაც დაზიანდნენ ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მათ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ჯაღმაიძემ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ჭყონდიდისა და მარტვილის ახალ მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს და დასძინა, რომ ეპარქიას აქვს უფლება კრება დამსწრეების გარეშე გამართოს. თავად მიტროპოლიტმა სტეფანემ კი ინციდენტში მრევლი, სასულიერო პირების ნაწილი და მასმედია დაადანაშაულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარტვილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით.