09:35 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
66 0 0

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სამშაბათს, 23 თებერვალს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებებს „დიქტატურის დამყარება“ უწოდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან გააკეთა, სადაც სამშაბათს, დილით მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა. 

სამართალდამცველებმა ნიკა მელია ამ დილით პარტიის ოფისში დააკავეს. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, შტურმის დროს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი ადამიანების ნაწილი შეუძლოდ გახდა. ბოლო მონაცემებით, შსს-ს წარმომადგენლებმა ოპოზიციური პარტიის ოფისი დატოვეს, თუმცა ამ დრომდე რჩებიან მიმდებარე ტერიტორიაზე. აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად დაპირისპირება ხდებოდა.

„ის, რაც ხდება – დიქტატურის დამყარებაა. ძალიან მაინტერესებს, ნუთუ ერთი ჭკუათმყოფელი არ ჰყავდათ, რომ ეს ყველაფერი 23 თებერვალს არ გაეკეთებინათ? საღამოს მივლენ და იუნკერების ხსოვნას მიაგებენ პატივს. ძალიან დიდი სირცხვილია და დასანანია, რომ ქართველების 30-წლიანი ბრძოლა ამით დასრულდა", – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა.
მელიამ, თავის მხრივ, ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ცდილობენ პოლიტიკური პროცესებიდან მის იზოლირებას, და სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.

მთავარი თემები