„ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს

© Sputnik / Alex Shlamov„ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს
„ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
პოლიცია 18 თებერვალს „ნაცმოძრაობის“ ლიდერის დაკავებას შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა – მელიას დაპატიმრება პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავა.

მელიას დაკავების სპეცოპერაცია ამ დილით დაიწყო. პარტიის ცენტრალურ ოფისთან მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით სამართალდამცველი, რომლებიც სრულად აკონტროლებდნენ პერიმეტრს. 

ნაცმოძრაობის ოფისის შტურმი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს

დღეს შსს-მ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით უკვე ორი განცხადება გაავრცელა. მეორე განცხადებაში პარტიის ოფისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, ხელი არ შეუშალონ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. მელიას კი ჩასაბარებლად „გონივრული ვადა“ – ნახევარი საათი მისცეს.

პარტიის ოფისში ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდნენ გიგი უგულავა, ხათუნა სამნიძე, გივი თარგამაძე, ლევან თარხნიშვილი და ოპოზიციის სხვა ლიდერები.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა.

მელია ვერ დააკავეს 18 თებერვლის დილით, რადგან მისმა მხარდამჭერებმა პოლიციას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება არ მისცეს.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, რის მიზეზადაც ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადადო.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც კანონმდებლების წინაშე პრემიერობის კანდიდატის რანგში წარდგა, პარლამენტის ტრიბუნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება დააანონსა და განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ადამიანის მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს გასცდა.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავების სპეცოპერაცია დაახლოებით 1,5 საათი გაგრძელდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0