თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. ამ დროისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-დან სხვადასხვა სახის დახმარებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 140 შეტყობინება შემოვიდა, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
დიდთოვლობამ ქვეყანაში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა და სამაშველო სამსახური ყველა მათგანზე რეაგირებს, აღნიშნავენ უწყებაში.
გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხის ტოტებს და თოვლში ჩარჩენილ ავტომობილებს ეხება. ამ შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 26 ავტომობილი. ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელექტროსადენები.
დიდთოვლობამ ავტობუსის გაჩერებაზე მოქალაქეთა მოსაცდელი წააქცია წყნეთში. შედეგად დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა, თუმცა ის კონტაქტურ მდგომარეობაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დამატებითი ცვლის გამოყვანის აუცილებლობა არ დამდგარა. მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მოქალაქეების დახმარებას.