22:12 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (280)
4161 0 0

ხელისუფლების განმარტებით, თუ ქვეყანაში ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის შემცირების დინამიკა შემდგომშიც გაგრძელდება, შესაძლებელი გახდება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებაც.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ გასული წლის 28 ნოემბრიდან მოქმედი კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება დაგეგმილ ვადაზე ადრე მიიღო. 

კერძოდ, ორშაბათიდან, 15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, ისევე, როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე:

1. სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება (ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ).

აღსანიშნავია, რომ ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავსა და ფოთში სკოლებმა 1 თებერვლიდან განაახლეს მუშაობა.

2. საქართველოს მასშტაბით კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. 1 თებერვლიდან ღია რესტორნები და კაფეები მხოლოდ აჭარის რეგიონში მუშაობდა.

საზკვების ობიექტები დილიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ.

შეზღუდვები უქმე დღეებში

ყველა შეზღუდვა უქმე დღეებში კვლავ იმოქმედებს.

კერძოდ, შაბათ–კვირას საქართველოს დიდ ქალაქებში არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ იმუშავებენ კაფეები და რესტორნები, ასევე ღია და დახურული ბაზრობები, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.

შეზღუდვები დარჩება

საქართველოში კვლავ დარჩება პირბადის სავალდებულო ტარების რეჟიმი როგორც დახურულ სივრცეში, ისე ქუჩაში. ამასთან, პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ჯარიმა 20 ლარია. განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. 

თურნავა: ორშაბათიდან გრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა>>>

კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა. „კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით ფიზიკური პირის შემთხვევაში და 10 ათასი ლარის – იურიდიული პირის შემთხვევაში.

მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება სპორტდარბაზების, აუზების, გასართობი ცენტრების, კინოთეატრების, თეატრების მუშაობა. ძალაში რჩება შეზღუდვა სათხილამურო კურორტებზეც.

ქვეყანაში კვლავ აკრძალულია ნებისმიერი მასობრივი ღონისძიების გამართვა.

საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება დაგეგმილია 1 მარტიდან.

1 მარტამდე მუშაობას არ განაახლებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (280)

მთავარი თემები