12:10 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
1132 0 0

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები 7 მარტს აქციების განახლებას აანონსებენ

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. რუსთავის მერიასთან ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება პირველი არხი.

აქციის ორგანიზატორია საზოგადოება „გავიგუდეთ“.

აქციის მონაწილეები, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას ითხოვენ.

მოსახლეობამ ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად ვადა 4 მარტამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში 7 მარტს აქციების განახლებას აანონსებენ.

აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ იმ ტერიტორიის გადაკეტვაც მოხდეს, სადაც საწარმოები მდებარეობს. მათი განმარტებით, რუსთავში ჰაერს ქალაქის მიმდებარედ არსებული საწარმოები აბინძურებენ.

აქციის მონაწილეებმა მერიიდან მსვლელობით მეტალურგიული ქარხნის მიმართულებით გაემართნენ.

საქართველოს მთავრობამ გასული წლის ივლისში დაამტკიცა კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, რომლის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების შემსუბუქება და პრევენციის სამართლებრივი რეგულირება.

მთავრობამ კანონპროექტი პარლამენტს გადაუგზავნა განსახილველად და დასამტკიცებლად. მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ის მეორე მოსმენით გასული წლის სექტემბერში მიიღო და როგორც მაშინ გაცხადდა, კანონპროექტი 2021 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, პარლამენტის მიერ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება მიღებული მარტში, თუმცა აქციის მონაწილეები ზუსტ პასუხს ითხოვენ.

პროექტის თანახმად, საქართველოში არსებული ყველა საწარმო ვალდებული იქნება, შეამციროს და აღმოფხვრას გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.

ახალი მექანიზმი გულისხმობს არა მხოლოდ ზარალის ფულად ანაზღაურებას, არამედ ასევე ითვალისწინებს ღონისძიებების გატარებას ზიანის შემცირებისა და აღმოფხვრის კუთხით.

მოქმედი კანონმდებლობა მთლიანად აგებული იყო გარემოსთვის მიყენებული ზიანისათვის მონეტარულ პასუხისმგებლობაზე. გარემოსთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ გადახდილი თანხა მიემართებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, მაგრამ ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული ამ თანხის დაზიანებული გარემოს აღდგენის მიმართულებით გამოყენება, აღნიშნავენ მთავრობაში.

ახალი კანონპროექტით, ზიანის მიყენებისთვის გადახდილი თანხები სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე მოხვდება და ის დაზიანებული გარემოს აღდგენაზე დაიხარჯება.

მთავარი თემები