19:37 04 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
487 0 0

ადგილობრივების განცხადებით, სავსებით შესაძლებელია დამსვენებლებისთვის უსაფრთხო პირობები შექმნა, რათა კორონავირუსით ინფიცირების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. მესტიაში ტურიზმისა  და ზამთრის კურორტების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

პარასკევს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ზამთრის კურორტების გახსნა უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ტურიზმი სვანეთში, რომელიც ადგილობრივებისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს, თითქმის ერთი წელია პარალიზებულია. 

მათივე თქმით, აუცილებელია სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის გახსნა, საბაგიროების ამოქმედება, რესტორნების და კაფე-ბარების ამუშავება, მხოლოდ რეგულაციების დაცვით.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, სრულიად შესაძლებელია დამსვენებლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

2020 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოს ზამთრის კურორტებმა მუშაობა შეაჩერეს – სასტუმროებს ეკრძალებათ დამსვენებლების მიღება, გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება, დაკეტილია კაფეები და რესტორნები. თუმცა კერძო სახლებსა და აპარტამენტებში დამსვენებლები ისვენებენ.

საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.

8 თებერვლიდან მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაგეგმილზე ადრე დაიწყო. ამ ეტაპზე აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება (შაბათ–კვირის გარდა).

გარდა ამისა, 15 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. კვების ობიექტები კი ღია სივრცეში შეძლებენ ფუნქციონირებას – შაბათ–კვირის გარდა.

ამასთან, ქვეყანაში კვლავ ძალაშია 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება. „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის ჯარიმა 2 ათასი ლარია.

 

ნიკა ლატარია

მთავარი თემები