თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ალაგებდნენ ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშოს სკოლის მოსწავლეები. კადრებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
ფაქტს სოციალურ ქსელში ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე გამოეხმაურა. ის მოსწავლეების მიერ ტუალეტების ხეხვას კატეგორიულად გაემიჯნა, თუმცა დამხმარე პერსონალს სოლიდარობას უცხადებს.
ნადირაძე, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის ხელმძღვანელია, ფიქრობს, რომ საქართველოში თითოჯერ ყველას უნდა გაახეხინო საერთო მოხმარების ტუალეტი, რომ „დამლაგებლების იმედად მისვრილ-მოსვრილი და ჩაურეცხავი აღარ დატოვონ არასოდეს“.
არასრულწლოვნების მიერ ჩხოროწყუს მერიის ტუალეტის დასუფთავების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, „იძულების“ მუხლით.
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ 1 თებერვალს განაცხადა, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტზე რეაგირება იდენტიფიცირებისთანავე მოახდინა და გამოძიების პროცესში თანამშრომლობს შსს-სთან. დგებუაძის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში დარღვევას განათლების სამინისტროს მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.