სალომე ზურაბიშვილი: დავით წერედიანის თარგმანები საქართველოს კულტურის ისტორიას დარჩება

© photo: President of Georgia სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით წერედიანი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი მსოფლიო ლიტერატურის თარგმნას მიუძღვნა, 2019 წელს გარდაიცვალა.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველი პოეტი, პუბლიცისტი და მთარგმნელი დავით წერედიანი გარდაცვალების შემდეგ ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით დააჯილდოვა.

ზურაბიშვილმა პრემია დავით წერედიანის ოჯახს ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ვაჟა-ფშაველას პრემია ხაზს უსვამს ქართული კულტურისა და ლიტერატურის, პოეზიის მნიშვნელობას, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრეა.

„ვაჟა-ფშაველას პრემიის აღნიშვნა ამ პანდემიის, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დროსაც კი მნიშვნელოვანია, რადგან კულტურა ვითარდება და იგი მაინც იტოვებს თავის განმსაზღვრელ როლს საზოგადოებასა და ქვეყანაში. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დავით წერედიანი არა მხოლოდ ღირსეული პოეტი, არამედ გერმანული და ფრანგული პოეზიის შესანიშნავი მთარგმნელიც იყო, რომელიც საქართველოს კულტურის ისტორიას დარჩება. ჩვენ გვჭირდება მეტი კარგი მთარგმნელი იმისთვის, რომ „გავიტანოთ“ ჩვენი კულტურა და „შემოვიტანოთ“ სხვა ქვეყნების კულტურა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. 

სანთელი - Sputnik საქართველო
პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი გარდაიცვალა

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის წევრებსა და მის თავმჯდომარეს როსტომ ჩხეიძეს გაწეული სამუშაოსთვის. ცერემონიას ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის წევრები, გამომცემლობების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

83 წლის ცნობილი ქართველი პოეტი, პუბლიცისტი და მთარგმნელი დავით წერედიანი 2019 წელს გარდაიცვალა. წერედიანი მრავალი წელი მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. 1981 წლიდან აქტიურად დაიწყო თარგმანებზე მუშაობა.

მის ცნობილ თარგმანებს შორისაა გერმანელი და ფრანგი კლასიკოსების ნაწარმოებები: ბოდლერის ნაწარმოებები, ძმები გრიმების ზღაპრები, გოეთეს „ფაუსტი“. სულ ახლახან მან ბრწყინვალედ თარგმნა ფედერიკო გარსია ლორკას „ბოშური რომანსერო“. არის ლიტერატურული ესეებისა და რამდენიმე კრებულის ავტორი, ასევე ლიტერატურული პრემია „საბას“ სამგზის ლაურეატი (2012, 2014, 2018).

2014 წელს წერედიანს პრემია „საბა“ გადაეცა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0