თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთბაშად მოხსნა ინფიცირებული პაციენტების დრამატულ ზრდას გამოიწვევს, რასაც ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს, განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.
ტურბიზნესის წარმომადგენლებმა თბილისში შეზღუდვები გააპროტესტეს - ვიდეო>>
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.
„შეზღუდვების ერთდროულად მოხსნა გამოიწვევს პაციენტების რაოდენობის ისეთივე დრამატულ მატებას, როგორიც გვქონდა ჩვენ ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში და დეკემბერში. იცით, რომ ამას ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ნამდვილად ვეღარ გავუძლებთ ვერც მედიკოსები, ვერც სისტემა“, - განაცხადა ენდელაძემ.
როგორც რეზიდენტი ონკოლოგიის მიმართულებით გიორგი ღოღობერიძე აღნიშნავს, ნელ-ნელა შეზღუდვები უნდა მოისხსნას, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზეც, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დაინფიცირებულთა ზრდა კვლავ დაფიქსირდება, შეზღუდვების შემოღება აუცილებელი გახდება.
„შეიძლება ჩვენ არ აღვადგინოთ უცხოელების ვიზიტი საქართველოში, მაგრამ შიდა ტურიზმი უნდა აღდგეს. ჩვენ უნდა ვაკვირდებოდეთ შემთხვევების მატებას და ამის მიხედვით გავამკაცროთ ან შევამსუბუქოთ რეგულაციები“,- განაცხადა ღოღობერიძემ.
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გუშინ დედაქალაქში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას, ზამთრის კურორტებისა და ბაზრობების გახსნას ითხოვს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 253,5 ათასს ჭარბობს, გარდაიცვალა 3 ათასზე მეტი ადამიანი.
„გაიგონონ ბავშვების ხმა“: მზიურში მშობლებმა სკოლების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს>>
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.