20:15 14 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
497 0 0

ბიზნესს ექნება ვალდებულება, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა 20-25 პროცენტს ტესტირება ჩაუტაროს.   სახელმწიფოს მხრიდან კომპანიების თანამშრომელთა ტესტირების მონიტორინგი  კი სპეციალურად შექმნილ პორტალის მეშვეობით განხორციელდება 

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. პირველი თებერვლიდან მუშაობის განახლების შემთხვევაში, მოლებს და ბაზრობებს 14 დღეში ერთხელ თანამშრომელთა გეგმური ტესტირება მოუწევთ, განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

სავაჭრო მოლების და ბაზრობების გახსნამდე, იანვარში ჩატარებული პირველი ტესტირების საფასურს სახელმწიფო დაფარავს, ხოლო ყოველი მომდევნო ტესტირების საფასურის დაფარვა კი აღნიშნული სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას თავად მოუწევს.

„მთელი საქართველოს მასშტაბით მსხვილ სავაჭრო მოლებს, ბაზრების და ბაზრობების წარმომადგენლებს შევხდით, გავაცანით ის მოთხოვნები, რომელთა დაცვა მოუწევთ პირველი თებერვლიდან. საუბარია დამატებითი ტესტირების ვალდებულებაზე იმ რეგულაციების მიღმა, რომელიც უკვე არსებობდა პროტოკოლის გათვალისწინებით“, - განაცხადა ფერაძემ.

რაც შეეხება ჩატარებული ტესტების რაოდენობას, ფერაძის განცხადებით, ბიზნესს ექნება ვალდებულება, ორ კვირაში ერთხელ  ტესტირება თანამშრომელთა საერთო რაოდენობის 20-25 პროცენტს ჩაუტაროს. ერთ ჯერზე ტესტირება ჩაუტარდება ბაზრობების თანამშრომლების 20%-ს, ხოლო მოლების - 25%-ს.

მოლებისა და ბაზრობების ხელმძღვანელებს ასევე მოუწევთ, თავიანთი ბიზნესი და მასში დასაქმებული პირები დაარეგისტრირონ სპეციალურად შექმნილ პორტალზე, რომელთა მეშვეობით განხორციელება მონიტორინგი თანამშრომელთა ტესტირების შესახებ.

„პორტალის საშუალებით, ბიზნესი შეძლებს, ბიუროკრატიული მექანიზმების გარეშე, rs-ის ავტორიზაციის მეშვეობით, მოახდინოს რეგისტრაცია, რაც გამორიცხავს ცდომილებას. პერსონალური მონაცემები კანონმდებლობის შესაბამისად იქნება დახურული და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი არაავტორიზებული პირისთვის“, - განაცხადა ფერაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკის გახსნის ზუსტ თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო 20-21 იანვარს მიიღებს.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში. კერძოდ, სავალდებულოა პირბადის ტარება, ასევე იკრძალება ქუჩაში გასვლა 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები, რესტორნები, კაფე–ბარები და ა.შ.

საქართველოში 1 თებერვლიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყება. ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს უკვე დაევალათ ეტაპობრივი გეგმის შემუშავება. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სპეციალისტები ორი კვირის განმავლობაში ისეთ ინდიკატორებს დააკვირდებიან, როგორებიც არის დადებითობის და ინციდენტობის მაჩვენებელი, და ამ შედეგებზე დაფუძნებით გადაწყდება, რა შეზღუდვა მოიხსნება შემდეგ ეტაპზე.

მთავარი თემები