08:58 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
64 0 0

არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს პოლიტიკას რელიგიისა და რელიგიათშორისი შემწყნარებლობის სფეროში.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ქართული არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებენ, გაიაზრონ სახელმწიფო პოლიტიკის სისტემური გამოწვევები აღმსარებლობის თავისუფლების სფეროში და ამ სფეროს ფუნდამენტური რეფორმა დაიწყონ.

ამასთან ერთად ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაუქმდეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ სფეროში რეფორმის დემოკრატიული და ინკლუზიური პროცესი.

განცხადება ორგანიზაციებმა ცოტა ხნის წინ გურიის სოფელ ბუკნარში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელეს.

კონფლიქტი ბუკნარში იმის გამო დაიწყო, რომ ადგილობრივმა მუსლიმებმა კერძო სახლში ტრადიციული პარასკევის ლოცვის წასაკითხად სამლოცველოს მოწყობა გადაწყვიტეს. ამის გამო სოფელში გავრცელდა ხმა, რომ ბუკნარში მეჩეთის აშენებას აპირებენ, რამაც ადგილობრივ მართლმადიდებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. პირველი დაპირისპირებისა და ჩხუბის შემდეგ სამი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი მუსლიმთა თემიდან, საავადმყოფოში მოხვდა. პოლიციამ ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი დამნაშავე პირი დააკავა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონფლიქტის დეესკალაციისა და შერიგების მიღწევა ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი თემების მზადყოფნითა და სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით მოხერხდა.

„მიგვაჩნია, რომ არსებითია, სახელმწიფო უწყებებმა შეისწავლონ ამგვარი რელიგიური დევნის, შევიწროების, კონფლიქტებისა და გაუცხოების პრაქტიკის სისტემური სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური მიზეზები და მას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ, ასევე მაკრო და მიკრო სოციალურ დონეებზე პოზიტიური ჩარევითა და რეფორმებით უპასუხონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერმა ორგანიზაციებმა მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდეს, შეცვალონ რელიგიურ ორგანიზაციებთან და თემებთან მუშაობის არსებული პრაქტიკა და ის აღმსარებლობის თავისუფლების სტანდარტების ქედუხრელ დაცვაზე დააფუძნონ. ასევე შეიმუშაონ რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმის თანმიმდევრული გეგმა, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების რეკომენდაციებს დაეყრდნობა. ორგანიზაციები ასევე გამოვიდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებისა და პოლიტიკისა და რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის ახალ მოდელზე მუშაობის დაწყების მოწოდებით.

განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, ევანგელისტური ეკლესია, პლატფორმა სალამი, სოლიდარობის პლატფორმა და სხვ. 

მთავარი თემები