04:45 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
1115 0 0

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. საქართველო სავარაუდოდ ერთ თვეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ის პირველ პარტიას მიიღებს, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კოვიდ-ვაქცინაზე საუბრისას ცერცვაძემ აღნიშნა, რომ  საქართველოში შემოსული ვაქცინის პირველი პარტია, სავარაუდოდ, Pfizer-ის რამდენიმე ათეული ათასი დოზა იქნება.

„ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ საქართველო მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის მცირე პარტიას, სახელდება რამდენიმე ათეული ათასიდან ასი ათასამდე დოზა. ეს შესაძლოა, მოხდეს ერთ თვეში. ხოლო შემდეგი პარტიის მიღება იგეგმება არაუგვიანეს მარტის ბოლოს. ეს იქნება გაცილებით უფრო დიდი რაოდენობა – ასეული ათასი, ნახევარი მილიონი ან უფრო მეტი. რამდენადაც ვიცი, ეს იქნება, სავარაუდოდ, AstraZeneca“,– განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა განაცხადა,  ვაქცინის პირველი პარტიით რისკ-ჯგუფები - ჯანდაცვის მუშაკები, ხანდაზმულები და თანმხლები დაავადებების მქონე პირები აიცრებიან.

„შემდეგი პარტიების დროს ამოცანაა მოსახლეობის მინიმუმ 60% მაინც აიცრას. 60%-ის აცრა ნიშნავს უკვე გაჯერებულ იმუნიტეტს, ანუ ახალი შემთხვეების რაოდენობა იქნება მინიმალური“, - აღნიშნა მან.

ცერცვაძემ ყველას ურჩია, ჩაიტაროს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.

„ცალსახად ვურჩევ ყველას, ვისაც არ ექნება რაიმე განსაკუთრებული წინააღმდეგ ჩვენება, ვაქცინის მიმართ ალერგიული რეაქცია ან რაღაც ასეთი, ყველამ გაიკეთოს ვაქცინა და უპირველეს ყოვლისა, ვინც განეკუთვნება რისკის ჯგუფებს. ის რომ ცუდი იყოს, ინგლისის დედოფალი და მისი ოჯახი არ აიცრებოდა, არ აიცრებოდა ჯო ბაიდენი და ერდოღანი“, -განაცხადა ცერცვაძემ

ამ ეტაპზე საქართველო ვაქცინის შესაძენად COVAX-ის პლატფორმის საშუალებით მოლაპარაკებებს Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებთან დაკავშირებით აწარმოებს.

პანდემიის განვითარების ორი მოდელი 2021 წელს: რა მოხდება უკეთეს და უარეს შემთხვევებში >>

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

მთავარი თემები