11:41 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
807 0 0

პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ მსოფლიოში 100 ათას მოსახლეზე ყველაზე მაღალ ავადობას გაუძლო

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურდება და კორონავირუსის მესამე ტალღის გავრცელების თავიდან არიდებისთვის შეზღუდვების გახანგრძლივება აუცილებელია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე გადაიწევს. პირველადი გეგმით, 16 იანვარიდან უნდა ამუშავებულიყო მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ასევე სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ხარვეზებით, მაგრამ მსოფლიოში 100 ათას მოსახლეზე ყველაზე მაღალ ავადობას გაუძლო.

„მესამე ტალღა რადგან არ გვინდა, ამიტომ მიიღო მთავრობამ შეზღუდვების გახანგრძილევების გადაწყვეტილება. ცოტა კიდევ გავუძლოთ, გავახანგრძლივოთ შეზღუდვები, რათა გვქონდეს იმის გარანტია, რომ მესამე ტალღას გავუძვრებით და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სიტუაცია არ დამძიმდება. ამასობაში იქნება ვაქცინაციაც და სითბოც“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის განმარტებით, სხვადასხვა ჯგუფში ჩატარებული ტესტირების მონაცემები დამაიმედებელია, ვითარების სტაბილურობის ტენდენცია კი უნდა შენარჩუნდეს.

„დაახლოებით 4 ათასზე მეტი ტაქსის მძღოლი არის კორონავირუსზე გატესტილი და დადებითი 0,7 პროცენტია. ასევე, აგრარული ბაზრის 4 ათასამდე მოვაჭრეში 0,9 პროცენტია დადებითი. საკმაოდ დამაიმედებელი მონაცემებია. ასევე ყველა კონფესიის რელიგიის მსახურებიდან 1,8 ათასი არის გატესტილი, იქაც დადებითობის მაჩვენებელი ერთ პროცენტამდეა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში 28 ნოემბრიდან სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები და ა.შ.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 7.898 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3.527, PCR ტესტით – 4.371. დადებითი შედეგი ტესტების 7%-მა აჩვენა. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 551 გაიზარდა და ინფიცირებულთა  საერთო რიცხვმა 239.780-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გარდაცვლილთა რაოდენობამ 2.796-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 226.215-მდე გაიზარდა.

 

 

მთავარი თემები