19:40 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
208101

ნოემბერში დაწესებული შეზღუდვების გამო ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია 120 ათასზე მეტ ადამიანზე გაიცა, კომპენსაციის ჯამურმა თანხამ კი 36 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. პირები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაკარგეს სამსახური და 2020 წლის დეკემბრიდან არ იღებენ ხელფასს, ექვსი თვის განმავლობაში 1,2 ათასი ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე. 

საქართველოს მთავრობამ მორიგი ანტიკრიზისული პაკეტი შეიმუშავა, რომელიც ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების პირობებში მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ანტიკრიზისული დახმარების პირველი პაკეტის ფარგლებში სახელმწიფო უკვე დაეხმარა დახლოებით 125 ათას მოქალაქეს – 6 თვის განმავლობაში თითოეულს 1,2 ათასი ლარი ჩაერიცხა.

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც მთავრობა განახორციელებს და აღნიშნა, რომ მთავარია, მოქალაქეებმა კუთვნილი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ.

გახარიას განცხადებით, მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალი ტალღის ფარგლებში დახმარებას მიიღებენ:

- პირები, ვინც 2020 წლის დეკემბრიდან სამსახური დაკარგა და შემოსავლის გარეშე დარჩა. დახმარება ექვსი თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს შეადგენს;

- გარდა ამისა, 6 თვის განმავლობაში 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ ის სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან 100 ათასამდეა. ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ ასევე სოციალურად დაუცველი (0-დან 100 ათას სარეიტინგო ქულამდე) მრავალშვილიანი ოჯახები;

- ექვსი თვის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლამდე ასაკის და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები მიიღებენ 100-ლარიან დახმარებას.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მოქალაქეთა დახმარების მიზნით 2020-2021 წლებში ჯამში გამოყოფილია 1,2 მლრდ ლარზე მეტი, საიდანაც 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 310 მილიონ ლარამდე (კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის 60 მილიონი ლარი). 

საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბრიდან ქვეყნის დიდ ქალაქებში გარკვეული სფეროების, მაღაზიებისა და ბაზრობების ნაწილის მუშაობაზე შეზღუდვები დააწესა და აღნიშნულ სეგმენტში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ, კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მთავარი თემები