თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. 2021 წელს თბილისის მერია ჯანდაცვისა და მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამებზე 154 მლნ ლარს დახარჯავს. აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი – 130 მლნ ლარი შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად გამოიყოფა.
სოციალური პროგრამები
2021 წელს თბილისის მერია 200 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების კომუნალურ ხარჯებს დაფარავს. ხოლო 70 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიან ოჯახებს მერია თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 50 ლარს გადაუხდის.
გარდა ამისა, მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 ათასი და უფრო დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების 18 წლამდე ასაკის შვილებისთვის მერია დააფინანსებს სწავლის ღირებულებას მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ხელოვნების სკოლებში, სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში.
გარდა ამისა, ერთჯერადი დახმარება გაიცემა ახალდაბადებულ ბავშვზე (პირველ და მეორე ახალშობილზე – 500 ლარი, მესამე ახალშობილზე – 800 ლარი, მეოთხე ახალშობილზე – 1000 ლარი, მეხუთე და ყოველ შემდეგ ახალშობილზე – 1500 ლარი).
ყველაზე შეჭირვებულ ოჯახებს მერია უზრუნველყოფს უფასო სასადილოებით და შეღავათებით ტრანსპორტზე.
თბილისის მერია ასევე იზრუნებს შშმ ბავშვებსა და მოზარდებზე. მათ დაუფინანსებენ სხვადასხვა კურორტებზე დასვენებას. პროგრამა ხორციელდება ვაუჩერული პრინციპით, რომლის ფარგლებშიც მოსარგებლეები თავად აირჩევენ მომსახურების მიმწოდებელს.
გარდა ამისა, რაიონული ადმინისტრაციები ადგილებზე დაეხმარებიან მოქალაქეებს სამედიცინო და ყოფითი პრობლემების გადაჭრაში, ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. დახმარება გულისხმობს ფულად თანხებს, პროდუქტებს და ტანსაცმელს. ასევე რაიონული ადმინისტრაციები საჭიროების შემთხვევაში დაფარავენ დაკრძალვის ხარჯებს.
ხარჯები ჯანდაცვაზე
2021 წელს თბილისის ხელისუფლება შეინარჩუნებს სიმსივნურ დაავადებათა პროფილაქტიკის ყველა პროგრამას, რომელიც თბილისელებისთვის არის ხელმისაწვდომი.
ამ პროგრამებს შორისაა: ძუძუს კიბოს სკრინინგი – 2 წელიწადში ერთხელ, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – 3 წელიწადში ერთხელ, პროსტატის კიბოს მართვა – წელიწადში ერთხელ, კოლორექტული კიბოს სკრინინგი – 2 წელიწადში ერთხელ და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა – 5 წელიწადში ერთხელ. თბილისში რეგისტრირებულთათვის ყველა აღნიშნული მომსახურება უფასოა.
ამას გარდა თბილისის მერია ეპიდემიოლოგებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება.
ქალაქის მერია ასევე დააფინანსებს მედიკამენტებს გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ. ქალაქის ბიუჯეტში აგრეთვე გათვალისწინებულია ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატების დაფინანსება.
დედაქალაქის ხელისუფლება აუტიზმის კორექციის ცენტრების დაფინანსებას გააგრძელებს. ეს მომსახურებაც დედაქალაქში მცხოვრებთათვის უფასოა.
მერია ასევე დააფინანსებს ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამას ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში.
დედაქალაქის მერიის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად თბილისელებმა უნდა მიმართონ მერიას ან რაიონულ ადმინისტრაციას.