თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის 19 წლის მეგობარი, რომელიც 21 წლის ძმამ 6 იანვარს მოკლა, სოციალურ ქსელში ხშირად წერდა გიორგის შესახებ.
ყველაზე მძიმე მათ შორის ივლისში გამოქვეყნებული სტატუსია, სადაც მიშო გარდაცვლილ მეგობარს მიმართავს:
„შაქარ მენატრები, ძალიან მენატრები, როგორი რთულია უშენობა. როგორი რთულია იმაზე ფიქრი, რომ ვეღარ შეგხვდები ამ დედამიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ. ძალიან მიყვარხარ, ერთი იმაზე ფიქრი მაძლიერებს, რომ ახლა უკეთეს ადგილას ხარ და ზემოდან გვიყურებ. ჩემი ანგელოზი ხარ შაქარ. ზეცაში აუცილებლად შევხვდებით და იქ მოგვიწევს იმის გაკეთება, რაც ამ უსამართლო ცხოვრებამ არ გვაცადა“, – წერდა მიშო ახლოური.
მიშო ახლოური ფეხბურთელი იყო. ის საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში” თამაშობდა. ოფიციალური ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ძმებს შორის ურთიერთშელაპარაკებაა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას – 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა–108-ე მუხლით მიმდინარეობს.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო. გამოძიების ვერსიით, შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.