12:57 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
77 0 0

ეპიდემიოლოგები რისკ-ჯგუფებს გრიპზე აცრისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კორონავირუსის თვალსაზრისით ქვეყანაში რთული ეპიდემიური ვითარებაა და ამას სეზონური გრიპებიც ერთვის.

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. დღესაც მოვუწოდებ ორსულებს, რომ აიცრან გრიპზე, ვინაიდან მათთვის გრიპი გაცილებით საშიშია, ვიდრე კოვიდი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, В–ტიპის გრიპის დაავადების ერთი შემთხვევა დეკემბრის პირველ რიცხვებში დაფიქსირდა, ხოლო ბოლო კვირებში ქვეყანაში რინოვირუსი და კორონავირუსი ცირკულირებს.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ქვეყანაში დღემდე 211 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა გრიპზე, მარაგში დღეისათვის დარჩენილია კიდევ 23 ათასზე მეტი ვაქცინა.

„გრიპის სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. ორსულებს დღესაც მოვუწოდებ – აიცრან, იმიტომ რომ მათთვის გრიპი უფრო საშიშია, ვიდრე კოვიდი", — განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, გრიპი აქტიურად არ არის გავრცელებული. ამის მიზეზი ქვეყნებში გამოცხადებული „ლოკდაუნი" და კორონავირუსის პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებებია.

გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისა: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ მისი უდიდესი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გასულ წელს უკვე 100 ათასი შეიძინეს და აქედან მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა გამოუყენებელი.

 

მთავარი თემები