მეწარმე–სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებზეც უქმე დღეები არ ვრცელდება

გამოწერა
საქართველო COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის, რის გამოც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე რიგი შეზღუდვები მოქმედებს.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 3–15 იანვრის პერიოდი არასამუშაო დღეებად გამოცხადდა. 

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
კვლავ შეზღუდვები: რა იკრძალება და რა დაიშვება 3 იანვრიდან

საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ეს პერიოდი დასვენების დღეებად გამოცხადდა, ხოლო კერძო სექტორისთვის 3-დან 15 იანვრამდე უქმეების გამოცხადება ნებაყოფლობითია. აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება ბანკებს, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, მიწოდების სერვისებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.

ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრა ის მეწარმე–სუბიექტები და საქმიანობები, რომლებზეც არ ვრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება.

ეს სუბიექტებია:

1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები;

2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც ახორციელებენ „კოვიდ-19“-ის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად;

 3. ფარმაცევტული საქმიანობა;

 4. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია;

 5. საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები, ასევე სანავსადგურე და სააეროპორტო მომსახურება;

 6. ელექტროენერგის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები;

7. საფოსტო და საკურიერო მომსახურება;

8. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები;

9. სამაშველო საქმიანობა;

10. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები;

11. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება);

 12. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.

ტიკარაძე: შესაძლოა, შეზღუდვები მაქსიმალურად გაფართოვდეს>>>

როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, აღნიშნული სუბიექტების უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

გარდა ამისა, როგორც შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განმარტა, უქმე დღეების გამოცხადება არ ითვალისწინებს სანქცირებას იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც აღნიშნული დადგენილების ჩამონათვალში არ არიან, თუმცა, დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, მუშაობას გააგრძელებენ. კერძოდ, საუბარია იმ ობიექტებზე, რომელთა საქმიანობაზე 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვები არ ვრცელდება. ამ შემთხვევაში დამსაქმებლებს თანამშრომლებისთვის ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გადახდა მოუწევთ.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3–15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე რიგი შეზღუდვები მოქმედებს – ქვეყნის დიდ ქალაქებში იკრძალება საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება, სავაჭრო ობიექტების მუშაობა (გარდა აგრარული ბაზრებისა), კულტურულ–გასართობი ღონისძიებების გამართვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება კვების ობიექტებისა და რესტორნების მუშაობა, გარდა გატანის სერვისისა, ასევე იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში გადაადგილება, გამონაკლისია მხოლოდ შობის წინა ღამე – 6 იანვარი.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0